განცხადება არჩევნების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.

მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს.

მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვფიქრობთ, ორივე მხარის ადექვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია საოლქო კომისიებთან  სიტუაციის განმუხტვა, მითუმეტეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში დაფიქსირებული მძიმე დარღვევების საფუძველზე გარკვეული უბნების შედეგები გააუქმოს, რაც სიღნაღის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ქმედებებისგან თავის შეკავება პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დამატებითი გაღიზიანების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ასევე, ვთხოვთ დაინტერესებულ მხარეებს, საარჩევნო პროცედურები დარღვევის კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ შესაბამისი მასალები, რათა ერთობლივად მოვახდინოთ ეფექტური და დროული რეაგირება.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge