გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილი ფემიციდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ერთ-ერთია 2014 წელს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებიდან, სადაც ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლა. ქალს ძალადობის გამო მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები ფემიციდის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, არ მომხდარა ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშულის, გამოძიება და დასჯა.
დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს. საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.
ეს არის პირველი ფემიციდის საქმე, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთან მიმართებით იხილავს. იმედი გვაქვს, რომ საქმეში არსებულ დარღვევებზე დაყრდნობით, კომიტეტი სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციებს ფემიციდის პრევენციისა და მისი გენდერული ხედვით გამოძიების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge