2023 წლის 4 აპრილს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო ახალი რეზოლუცია (#A/HRC/52/L.7) სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოში ცხოვრების უფლების შესახებ.[1] ის მისი პირველი რეზოლუციაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს უფლება ადამიანის ძირითად უფლებად აღიარა საერთაშორისო დონეზე.[2]
ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვინაიდან ის კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ სამმაგი პლანეტარული კრიზისი (მსოფლიო დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების განადგურება და კლიმატის ცვლილება) ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. კონკრეტულად, ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, თავშესაფარზე, საკვებზე, სუფთა სასმელ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის, კულტურულ და სხვა უფლებებს.[3]
რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ის პირდაპირ განსაზღვრავს გარემოსდაცვითი პრობლემების დასაძლევად საჭირო ზომებს და მოუწოდებს სახელმწიფოებს:
- შექმნან და გააძლიერონ გარემოს დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები;
- გაზარდონ სასამართლოს შესაძლებლობები გარემოს დაცვის კუთხით;
- უზრუნველყონ გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებებით (ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ეფექტიანი მართლმსაჯულება) სარგებლობა;
- ბუნებრივი რესურსები მართონ მდგრადად და გამჭვირვალედ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით;
- შეაგროვონ ინფორმაცია გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;
- დაიცვან და პატივი სცენ პირთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში;
- ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, პირები და აქტივისტები დაიცვან სხვადასხვა საფრთხისგან.
ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, ვინაიდან ისიც დგას თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე და, შესაბამისად, რეზოლუციით განსაზღვრული ზომების მიღება მისთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს. ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურია გარემოსდაცვითი პროცედურული უფლებებით სათანადოდ სარგებლობა - პირებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე, დაბრკოლებებს აწყდებიან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისას და ხშირად ეფექტიანი და დროული არ არის მართლმსაჯულებაც.[4] ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ბუნებრივი რესურსებით არასწორად სარგებლობის შედეგად გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი, სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი რესურსების მომპოვებელ კომპანიებზე არასათანადოდ განხორციელებული ზედამხედველობა და პრობლემები გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ინსტიტუციურ მოწყობაში.[5]
რეზოლუციის მიღმა, გარემოს დაცვის კონტექსტში საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებისა (პარიზის შეთანხმება, ორჰუსის კონვენცია და სხვა) და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ქვეშ ნაკისრი აქვს მთელი რიგი ვალდებულება. მან უნდა შეიმუშავოს და გააძლიეროს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოები, რათა სათანადოდ დაიცვას გარემო და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები. ამ ეტაპზე საქართველო მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, როგორებიც არის: საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმა, კლიმატის ცვლილების კანონი, წყლის რესურსების მართვის შესახებკანონმდებლობა და სხვა. იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს ადამიანის უფლებების მიდგომაზე დაფუძნებული და სათანადოდ ასახავდეს ყველა იმ საჭიროებას, რაც საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებობს, აუცილებელია, რომ პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა დაინტერესებულ პირებს მისცენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შინაარსობრივი მონაწილეობის საშუალება, დასაბუთებულად გასცენ პასუხი ყველა კითხვას და გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ საკითხის სათანადოდ შესწავლის, საჭირო კვლევების, კონსულტაციებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
[1] UN Human Rights Council Res 52/L.7 (4 April 2023) UN Doc A/HRC/52/L.7.
[2] UGNA Res 76/L.75 (26 July 2022) UN Doc A/76/L.75.
[3] UN Human Rights Council Res 52/L.7 (4 April 2023) UN Doc A/HRC/52/L.7, Article 4 (a).
[4] საია, „საია-ს შეფასება 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (08 დეკემბერი 2021), 11-13, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ZGFYMN, ბოლო ნახვა: 04.04.2023.
[5] საია, „საიას შეფასება 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (08 დეკემბერი 2022) 7-9, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nPDzlC, ბოლო ნახვა: 04.04.2023.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge