ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება გაუმართლებელია

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“[1] საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანია და სიმონ ნოზაძე.

ცვლილებები ითვალისწინებს პარტიისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები შექმნიან საპარლამენტო ფრაქციას. განმარტებითი ბარათში საუბარია, რომ კანონმდებლობა არც ერთ საარჩევნო სისტემას არ ანიჭებს უპირატესობას, შესაბამისად გაუმართლებელია საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანია ამთავითვე აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული პრობლემები უკვე დიდი ხანია მსჯელობის საგანია.[2] სახელმწიფო დაფინანსების გამოთვლის მოქმედი ფორმულის  ბუნდოვანი ბუნება ნათლად გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. რა დროსაც პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ მიიღო 300 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება ფრაქციის შექმნისთვის, მაშინ როდესაც ვერ გადალახა საჭირო 3%-იანი ბარიერი, დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 0.78% და პარლამენტში გაიყვანა მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.

შესაბამისად, ცალსახაა ხომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი საჭიროებს ცვლილებას. თუმცა, აღნიშნული სისტემური და პოლიტიკური ინტერესებისგან დაცვლილი ხედვის პირობებში უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება ზოგადად ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას. მიგვაჩნია, რომ საკითხის ამ სახით შემოთავაზება საფუძველშივე მცდარია. სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, რომლის ოპერაციული ხარჯები ისედაც ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან, ამ სახის სარგებლის მიღება არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით, იმ პირობებში თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტის ავტორთა/ინიციატორთა მხრიდან შესაძლოა იკვეთებოდეს საკითხისადმი ვიწრო პარტიული დაინტერესება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ყველა ზემოთ დასახელებულ გარემოებას, მხარს არ დაუჭერს დასახელებულ ინიციატივას და ამავდროულად შექმნის სადისკუსიო სივრცეს პარტიების დაფინანსების არსებული წესის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ​

 


[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/14642;

[2] https://gyla.ge/ge/post/partiebis-dafinansebis-zogierti-regulacia-dakhvetsas-satchiroebs#sthash.YTpswU11.pgxDx8Kk.dpbs


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge