ოთხი ქართული ორგანიზაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მხარდაჭერას.

2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და სტუდია მონიტორმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ - გახსნით ღონისძიებას უმასპინძლეს. ღონისძიება პროექტის მიზნებს, მოსალოდნელი შედეგებსა და აქტივობებს დაეთმო. ამასთანავე, გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით.

ღონისძიება გახსნა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელმა. ბატონი ნიკოლას სენდროვიჩის თქმით, „სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მომწიფებული დემოკრატიის მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც მთავრობას ანგარიშვალდებულს ამყოფებს და მას არსებით წინადადებებს სთავაზობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს მოიცავს არა მხოლოდ 9 პირობის განხორციელების ზედამხედველობას, არამედ რეფორმებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებასა და ევროინტეგრაციაში რეალური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფას. ამ საფუძვლით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებას“. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის დეკემბერს დასრულდება. პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების ჩათვლით.

პროექტის მიზნები შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირების, შეფასებებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით იქნება მიღწეული. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებები ევროკავშირის ღირებულებების, ისევე როგორც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge