ფინანსური წამახალისებელი ზომა ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას

გვსურს გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა. აღნიშნული ცვლილების მიხედვით პოლიტიკური პარტია, რომელიც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთ ქალს შეიყვანს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას.

კერძოდ, კი მოქალაქეთა პოლიტიური გაერთიანების შესახებ კანონის ცვლილების მიხედვით: „პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დანამატს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ ყველა პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესისაა.“

წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუ პარტია დაიცავს წამახალისებელ ზომას, მიიღებს ფინანსურ დანამატს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა რეალურად ვერ შეუწყობს ხელს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას,  შემდეგ გარემოებათა გამო:

- არ არის შედეგზე ორიენტირებული - პროპორციულ სიაში განსხვავებული სქესის ბალანსის დაცვა არ ნიშნავს ქალთა წარმომადგენლობის უპირობო ზრდას - მათ მიერ მანდატის მიღებას. 

- ფინანსური დანამატი შესაძლოა არ იყოს საკმარისი სტიმული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის - გამოცდილება აჩვენებს, რომ მმართველი და მაღალი მხარდაჭერის მქონე პარტიები არ იყენებენ წამახალისებელ ზომას. 

- არ არის განსაზღვრული ფინანსური დანამატის მიზნობრიობა - მიღებული თანხა არ ხმარდება პარტიაში ქალთა გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის მიღწევას.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისათვის აუცილებელია დროებითი სავალდებულო მექანიზმის - კვოტის შემოღება ადგილმონაცვლეობის პრინციპის დაცვით.  

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი გთავაზობთ ეტაპობრივად მოხდეს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღება - პირველ ეტაპზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის (პროპორციულ სისტემაში) და უკვე შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge