ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას შეეხება. 

2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარიდაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება. 

სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 02 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), და, ამ უფლებებთან ურთიერთკავშირში მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. ხსენებულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს, აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა თავიანთ საკუთრებასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, და, შეერაცხება თუ არა რუსეთის ფედერაციას მათ მიმართ ამ უფლებების დარღვევა. 

ხაზგასასმელია, რომ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილებასახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება. 

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მათი საცხოვრებელი სახლები დატოვა, ცხოვრებას აგრძელებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკურად ქართველების სახლები მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად (§§ 292-95). 

სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრება ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებისთვის სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს (§§ 296-301).

საია სასამართლოსთან განაგრძობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდებს ინფორმაციას საქმეთა მიმდინარეობის შესახებ. ვრცლად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვების მიმოხილვა იხ. საიას მიერ მომზადებულ საინფორმაციო დოკუმენტში.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge