2010 წლის 2 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კილაძე საქართველოს წინააღმდეგ, დაადგინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობამ ხელი შეუშალა განმცხადებლებს, კლაუს და იური კილაძეებს, მიეღოთ კომპენსაცია, რომელიც მათ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნოდათ. განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საიას პირველი საქმე, რომელზეც ამ დროისთვის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნა მათ მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევის თაობაზე დათითოეულ განმცხადებელს მიანიჭა კომპენსაცია 4 000 ევროს ოდენობით. კილაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს ეს გადაწვეტილება მნიშნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, დროულად განახორციელოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულების მიზნით.
კლაუსი და იური კილაძეების მამა 1937 წელს საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა უკანონოდ დახვრიტა, 1938 წელს კი მათი დედა დააპაატიმრა და გადაასახლა. დედის დაპატიმრებისთანავე ოჯახს ჩამოერთვა ბინა და მთელი პირადი ქონება. ამის შემდეგ კლაუსი და იური ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსეთის ბავშვთა სპეციალურ სახლში მოათავსეს, სადაც ისინი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. დაახლოებით 2 წლის შემდეგ ბებიის ძალისხმევით ბავშვები საქართველოში ჩამოიყვენეს. 1956 წელს განმცხადებლების დედა, 1957 წელს კი მათი მამა რეაბილიტირებულ იქნა. 1998 წლის 19 აგვისტოს საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განმცხადებლები, ისევე როგორც მათი მშობლები, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარა. თუმცა განმცხადებლების მოთხოვნა მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს ეროვნული სასამართლოებმა არ დაკმაყოფილეს პოლიტიკური რეპრესიის მსხვრეპლად აღიარებულ პირთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე სპეციალური ნორმატიული აქტის არარსებობს გამო.
ევროპული სასამართლოს წინაშე დავის არსებით საგანს სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმი წარმოდგენდა. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის ფულადი კომპენსაციის მიცემის შესაძლებლობას, თუმცა არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, მისი გაცემის წესს და მიუთითებს ამ მიზნით ცალკე კანონის მიღების აუცილებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მითითებული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სპეციალური კანონის მიუღებლობამ, რომელიც განმცხადებლებს მისცემდა კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, ისინი განუსაზღვრელი ვადით ჩააგდო სამართლებრივ გაურკვევლობაში. ამ კონტექსტში ევროპულმა სასამართლომ ცალკე ხაზი გაუსვა უკვე ხანდაზმული პირების მდგომარეობას, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ უმოქმედობის გამო რეალურად ჩამოართვა შესაძლებლობა სიცოცხლეშივე ესარგებლათ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით.
ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ის ვერ პოულობს მნიშვნელოვან მიზეზს, რომლის გამოც სახელმწიფოს, იმის მიუხედავად, რომ მის განკარგულებაში იყო 11 წელი, არ გადაუდგავს არცერთი ნაბიჯი 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პროცესის დასაწყებად.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების მიზნით ეროვნულ დონეზე აუცილებელია ზოგადი ხასიათის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის მსხვრეპლად აღიარებულ პირებს საშუალებას მისცემს სრულად ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით. მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პოტენციური მსხვერპლების რაოდენობა საქართველოში 600 და 16 000 ადამიანს შორის მერყეობს.
საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებაზე მონიტრონგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge