ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივანსა და სახელმწიფოს შორის მორიგება არ შედგა გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე. აღნიშნული საქმე ტრანსგენდერი მამაკაცის, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება.
მოცემულ საქმეზე საიამ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) მომჩივნის, ნიკოლო ღვინიაშვილის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2019 წლის 18 ოქტომბერს წარადგინეს. საჩივარში მომჩივანი ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.
საქმის არსებითი განხილვა სასამართლომ 2019 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუმცა, მომჩივანმა და სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განაცხადეს.
2020 წლის 6 მარტს სასამართლომ მომჩივანს აცნობა, რომ რადგან მხარეებს შორის მორიგება ვერ მოხდა, სასამართლომ დაიწყო ე.წ. სადავო პროცედურა, რომლის ფარგლებში სახელმწიფოს განესაზღვრა 12 კვირიანი ვადა 2020 წლის 29 მაისამდე სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის წარსადგენად.
სახელმწიფოს მიერ წერილობითი პოზიციის წარდგენის შემდეგ, სასამართლო 6 კვირიან ვადას განუსაზღვრავს მომჩივანს საპასუხო არგუმენტების წარსადგენად.
ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივნის საქმის განხილვას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია როგორც ნიკოლოს ინდივიდუალური შემთხვევის, ასევე, ზოგადად, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობისთვის.
ნიკოლო ღვინიაშვილის მსგავსად საქართველოში მცხოვრები სხვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი, რის გამოც ისინი ხშირად არაადამიანური, დამამცირებელი და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს გენდერის აღიარებისთვის საჭირო, ეფექტიან და ხელმისაწვდომ პროცედურებს, სახელმწიფოს დღემდე არაფერი გაუკეთებია არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. უფრო მეტიც, სათანადო რეგულაციების არარსებობის პირობებში, სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის ჩანაწერის შეცვლის წინაპირობად ქირურგიულ ჩარევას უწესებს, რის გამოც მათ უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ/სიცოცხლისთვის საშიშ სამედიცინო ჩარევასა და მათი გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის.
ღვინიაშვილის საქმის არსებით განხილვას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია თავად ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვისაც, რადგან სასამართლოს პირველად მოუწევს იმსჯელოს გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარი და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მოთხოვნა არღვევს თუ არა კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებსაც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge