საქართველოს პარლამენტი განიხილვას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რაც გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკადრო პოლიტიკის მარეგულირებელი ნორმების გავრცელების შეზღუდვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის წევრებზე, კერძოდ მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს: აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის სახეები; საკონკურსო კომისიის ფორმირება და საქმიანობის წესი; ასევე დაწინაურება, გადაყვანა, შეფასება, წახალისება, პროფესიული განვითარება, სამსახურიდან გათავისუფლება, ანაზღაურება და პრემირების წესი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძვლად მითითებულია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და საქმიანობაში ჩაურევლობისაგან დაცვა.
მიგვაჩნია, რომ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) აპარატის წევრების „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გავრცელების სფეროდან გამოყვანა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით განსაზღვრულ ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნის იდეას და ამავდროულად, ამავე აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული სიახლეებითა და უფლების დაცვის გარანტიებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარეგულირებელი კომისიების აპარატის თანამშრომლები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებას და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გავრცელება არ უკავშირდება და მით უფრო საფრთხეს არ უქმნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციონირებასა და მარეგულირებელი კომისიის წევრების დამოუკიდებლობის ხარისხს. მაშინ როდესაც, წარმოდგენილი ცვლილებები შესაძლებელია გახდეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატში ნეპოტიზმის, კორუფციისა და დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების არათანაბარი მოპყრობის საფუძველი.
საია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმების გარეშე, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს საჯარო სამსახურის რეფორმის კოორდინაციას და უზრუნველყოფს ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას. საქართველოს პარლამენტის მიერ მსგავსი გამონაკლისის დაშვებამ შესაძლებელია ასევე წაახალისოს სხვა დამოუკიდებელი ორგანოები მოითხოვონ თავად განსაზღვრონ საკადრო პოლიტიკა, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო სამსახურის ერთიანობის იდეას.
საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს და ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურის რეფორმის სამართლიან და ეფექტურ განხორციელებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge