ეკა კვესიტაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანკიერ პრაქტიკას ადგენს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეკა კვესიტაძის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად შეფასდა. ამასთან, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა, ხოლო, მაუწყებლის სასარგებლოდ ჟურნალისტს 25 000 ლარის ანაზღაურება დაევალა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის დაწყებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მთელ რიგ საკადრო ცვლილებებს. „რუსთავი 2“-ში, არხის ახალმა მენეჯმენტმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება ახსნა ინტერესთა კონფლიქტით. მოსარჩელე, სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი იყო მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპზე, არ გაუკეთებია რაიმე განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებებს დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას. საია მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის შესაბამისი შრომის კანონმდებლობასთან, რის გამოც, იგი უკანონოა და ადგენს მანკიერ პრაქტიკას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ, ეკა კვესიტაძე მას გაასაჩივრებს საკასაციო წესით. ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში საია იცავს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge