წლების განმავლობაში პრობლემატურ საკითხად რჩება სასამართლო სხდომების გაჭიანურების საკითხი, რაც ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, მის მიმართ ნდობას.
სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც გარანტირებულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით, საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება, კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საია 2014 წლიდან უწევს მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ ბათუმის ციხის ყოფილი უფროსის და რეჟიმის უფროსის საქმეს. ბრალდებულებს 100-ზე მეტი პატიმრის საჩივრის საფუძველზე ბრალი ედებათ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული ორი ან მეტი პირის მიმართ (სსკ–ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'',, ,ბ'', ,,დ'', და ,,ზ'' ქვეპუნქტებით).
საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 4 მარტს დაიწყო და ხანგრძლივი შესვენებებით მიმდინარეობს. ამ დროის მანძილზე სასამართლომ ამოწურა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისთვის გამოყოფილი, კანონმდებლის მიერ ყველა სუბიექტური და ობიექტური გარემოების გათვალისწინებით გონივრულ ვადად განსაზღვრული - 36 თვე.
დღევანდელი მოცემულობით ჯერ კიდევ უცნობია, როდის გამოიტანს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხსენებულ საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესის გაჭიანურების თაობაზე პრეტენზია აქვთ დაზარალებულად ცნობილ პირებს, ასევე ბრალდებულებს. სასამართლო ვალდებულია ჯეროვნად და დროულად განიხილოს მისთვის წარდგენილი საქმე. მოსამართლის ავადმყოფობა, სასამართლოთა გადატვირთულობა, კადრების სიმცირე, დანაშაულის რიცხვის ზრდა და სხვა, არ არის საპატიო მიზეზი და დაყოვნების გამამართლებელი გარემოება.
დაზარალებული პატიმრების უმრავლესობამ მოიხადა სასჯელი და სამართლის მოლოდინში მყოფნი, შესაძლოა ქუჩაშიც არაერთხელ შეხვედრილან იმ ადამიანებს, რომლებსაც, მათ მიმართ სავარაუდო უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი. სასამართლო არ ფიქრობს, რომ კანონიერი გზით სავარაუდო დამნაშავეების დასჯის მიუღწევლობამ, რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამგვარი შეხვედრით ხელახლა ვიქტიმიზებული ადამიანი.
იყო არბიტრი, არ ნიშნავს განყენებულად წარმართავდე პროცესს, მოსამართლეს 6 წლის განმავლობაში წუთით მაინც რომ წარმოედგინა, რას ნიშნავს განიცადო წამება/არაადამიანური მოპყრობა ან რას ნიშნავს ბრალს გდებდნენ ამგვარი დანაშაულის ჩადენაში, შეძლებდა კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ვადაში, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და მისი უპირველესი ამოცანის შესრულებას - ჭეშმარიტების დადგენას.
ფატი ჩაფიჩაძე
პროექტის მოწვეული ექსპერტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საია-ს პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge