დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებას
არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ხელისუფლებას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოუწოდებენ, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი, სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, ჯამში 40-მდე ორგანიზაცია.
"ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვაღიარებთ იმ მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას ენიჭება. მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით და ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული და ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთათვის მოკლევადიანი ვიზების გასაუქმებლად. თუმცა, მიგვაჩნია, რომ კანონში მთელი რიგი შესწორებების შეტანაა მნიშვნელოვანი, რათა ის მეტად ქმედითი გახდეს და კონკრეტულ მოქალაქეებს, მიუხედავად მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა მდგომარეობისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად და ეფექტურად სარგებლობა შეეძლოთ", - წერია განცხადებაში.
მიმართვის ავტორების განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანონში დისკრიმინაციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირის სასამართლოს გზით დაჯარიმების მექანიზმების გათვალისწინებაა. მათი მტკიცებით, აღნიშნულის გარეშე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება და დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ არსებული უთანასწორო გარემო არსებითად ვერ შეიცვლება. კანონში აღნიშნული ცვლილების საჭიროებაზე საქართველოს სახალხო დამცველი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიც უთითებენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ძირითადი ინსტიტუტებისა და მოქმედი პირების, მათ შორის, რელიგიური გაერთიანებებისა და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი მოთხოვნაა. ამდენად, მთავრობისა და პარლამენტის მიერ მისი უგულებელყოფა დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ხელისუფლების მზაობის მიმართ ნდობას შეასუსტებს.
"დაჯარიმების მექანიზმის გამოყენების არამიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასახელებულ ძირითად არგუმენტებს დაუსაბუთებლად მივიჩნევთ, რადგან:
- თანასწორობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტებისა და მათი კომპეტენციების სხვადასხვა ევროპული მოდელის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტი სახელმწიფოში შიდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების არსებობას მოითხოვს. ეს დისკრიმინაციის მსხვერპლებს დარღვეული უფლებების აღდგენის რეალურ შესაძლებლობას მისცემს. სამართლებრივი საშუალებები ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც რეპრესიულ და პრევენციულ, ასევე რესტიტუციულ (სამოქალაქო) მექანიზმებს. არსებულ საკანონმდებლო რეალობაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად რეპრესიულ მექანიზმს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, მაგრამ რადგან დისკრიმინაციის საფუძველზე უფლების დარღვევა ხშირად არ აღწევს ძალადობის ან უფლების ხელყოფის საკმარის ინტენსივობას, დისკრიმინაციის ყველა შესაძლო ფორმა არ წარმოადგენს დანაშაულს. შედეგად, დისკრიმინაციის ფაქტების უმრავლესობა ყოველგვარი სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. სათანადო სამართლებრივი მექანიზმების არარსებობის გამო, სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში, დისკრიმინაციის შემთხვევებზე დაბალი სანქციებით ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია მათი აღმოფხვრის მიზნით;
- სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის საშუალება არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც დაჯარიმების მექანიზმის ალტერნატივა, რადგან აღნიშნული ორი მექანიზმის ბუნება და მიზანი განხვავებულია. კომპენსაცია ინდივიდუალურ პირს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას აძლევს, დაჯარიმებას კი დამრღვევის და სხვა პირების მიმართ პრევენციული დანიშნულება აქვს. არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა მით უფრო ვერ დააბალანსებს დაჯარიმების მექანიზმს, რადგან სამოქალაქო წესით მორალური ზიანის ანაზღაურება, აშკარად არაეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებაა;
- სასამართლოს გზით დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირების დაჯარიმება, რომელიც სახალხო დამცველის მიერ გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განხორციელდება, არ შეუქმნის საფრთხეს სახალხო დამცველის ლეგიტიმურობას და არ მოვა წინააღმდეგობაში მის კონსტიტუციურ ბუნებასთან, რადგან: 1. დაჯარიმების გამოყენებას სახალხო დამცველი მიმართავს, როგორც რეაგირების უკიდურეს ღონისძიებას, როდესაც ამოწურულია მედიაციისა და რეკომენდაციის გონივრულ ვადაში შესრულების რესურსი. დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირებს ამ პროცესში შესაძლებლობა მიეცემათსათანადოდ გაიაზრონ დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე კანონის მოთხოვნა და მისი აღმოფხვრის მიზნით ინდივიდუალური და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები გაატარონ, რა დროსაც სახალხო დამცველს ხელშემწყობი როლი აქვს; 2. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე იცნობს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიერ სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობას; 3. სავარაუდო დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი უფლებები და ინტერესები სასამართლოში, სამართლიანი სასამართლო განხილვის პირობებში;
- კანონის ამოქმედებისა და მისი მოთხოვნების და მასშტაბის თაობაზე ეფექტურად დაგეგმილი საინფორმაციო პოლიტიკა, ისევე როგორც სახალხო დამცველის მიერ დაჯარიმების როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების პრინციპი, დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნებისა და სტანდარტების თაობაზე საჯარო მოხელეებისა თუ კერძო პირების ცოდნის ნაკლებობის პრობლემას დააზღვევს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი და სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა", - წერია მიმართვაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ კანონპროექტის სხვა ხარვეზებთან დაკავშირებით ხელმომწერი ორგანიზაციების მიერ ინდივიდუალურად მომზადებული დასკვნები საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს დამატებით წარედგინებათ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge