დიქტატურის მემკვიდრეობა-დაუსჯელობა ჩილეში

2020 წლის 25 ოქტომბერს ჩილეს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. მან მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ღირებულებებზე მორგებული კონსტიტუციით აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს მიღებული 1980 წლის კონსტიტუციის ჩანაცვლებას. ეს უკანასკნელი ავტორიტარული რეჟიმის დროს ჩადენილი მრავალი უსამართლობის მიზეზი გახდა. მასში გაწერილ მავნებლურ ნორმებს ვერც დიქტატურის გადაგდებამ დააკლო რამე, ვინაიდან ის კვლავ ძალაში დარჩა. ამრიგად, ჩილეს დემოკრატიული ხელისუფლება პარადოქსულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მას უნდა აღედგინა დემოკრატიული წესრიგი და სამართლის უზენაესობა დიქტატურის პირობებში შექმნილი კონსტიტუციისა და ინსტიტუტების მოქმედების მიუხედავად. გზა სამართლიანობის აღდგენისკენ მარტივი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის ოქტომბრის რეფერენდუმმა მსოფლიოს კვლავ გაახსენა ჩილეს მიერ დაგროვებული გამოცდილება დემოკრატიის ძიებაში.

ყველაფერი დაიწყო 1973 წლის სამხედრო გადატრიალებით, როდესაც დემოკრატიული ისტორიის მქონე ჩილე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატურის მსხვერპლი აღმოჩნდა. სამხედრო ხუნტის 17-წლიანი მმართველობის განმავლობაში აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება არ ერიდებოდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, მათ შორის, პირთა იძულებით გაუჩინარებას, წამებასა და მკვლელობას. მიუხედავად სამხედრო ხუნტის მცდელობისა, თავი დაეღწია პასუხისმგებლობისგან, დემოკრატიული რეფორმების შედეგად, ჩილემ მოახერხა გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების დანერგვა. თუმცა, შედეგი, რომელიც დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაში გამოიხატა, დემოკრატიული ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან თითქმის ათეული წლის შემდეგ დადგა.

„პინოჩეტის ეფექტმა“, როგორც ამას ხშირად დოქტრინაში 1998 წელს მისი დაკავებით შექმნილ ეფექტს უწოდებენ, შეცვალა საერთაშორისო სამართლის ხედვა სახელმწიფო მეთაურის იმუნიტეტების და პრივილეგიების შესახებ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჭრილში. 1 თუმცა, არცთუ იშვიათად ამ ისტორიულ მოვლენას ნაწილობრივ არასწორად უკავშირებენ 1998 წლის ოქტომბრის შემდგომ ჩილეში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს. 2 სინამდვილეში, მნიშვნელოვანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ძვრები მრავალი ფაქტორის და მოვლენის ერთობლიობამ გამოიწვია. 

სრული ვერსია იხილეთ ქვევით

 

ნანუკა ყრუაშვილი  საიას ანალიტიკოსი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge