კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

14:00 საათისათვის საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ ფიქსირდება საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარუადო კონტროლის ფაქტები.  ასევე, საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები. 

 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა 

- გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს;

- მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ელდარ გაჯიევმა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა;

- ისანში #62-ე უბანზე საიას დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა. 

იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ,  ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ბათუმის #73 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე. 

 

სავარაუდო მუქარის ფაქტი

ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია.

 

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა. პირველ შემთხვევში - 20 ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში - გადაცემული თანხის ოდენობა ჩვენთვის უცნობია. 

 

გადასატანი ყუთით ხმის მიცემა

წყალტუბოს #54 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში 

 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე

- ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი.

- ზუგდიდის #84 უბანზე პოლიციელის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. შენიშვნის დაწერის შემდგომ, პოლიციის თანამშრომელმა უბანი დატოვა. 

 

ნების კონტროლი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მორიგი ორი ფაქტი, რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა:

- ზუგდიდის #53 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;   

- ახალქალაქის #70 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ავღან აკოფიანი უბანზე შესულ ამომრჩევლებს წინასწარ მობილურ ტელეფონში არსებულ ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობ ინფორმაციას უჩვენებს; 

- ახალქალაქის #4 უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კაბინაში ფოტოგადაღება განახორციელა; 

- დაფიქსირდა ამომრჩეველთა სამარშრუტო ტაქსების მობილიზების ფაქტები ხობის #14 და #15 უბნებთან. ასევე ამომრჩევლის მობილიზება შეიმჩნევა #15 უბნის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში; 

- ზუგდიდის #73 და #106 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უცხო პირები, რომლებიც სიაში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ასევე, თუ რომელი სუბიექტის მხარდამჭერია;

- ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულის #13 საარჩევნო უბანზე; 

- ხალხმრავლობა შეინიშნება სამგორის #7 და #9 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მობილიზებულია ავტომანქანები; 

- დუშეთის #49 საარჩევნო უბანთან მანქანებში მსხდომი ადამიანები ახდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას;

- კრწანისის #3, ასევე სამგორის #34, #39 და #40 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა. 

 

მარკირების პროცედურის დარღვევა - მარკირების პროცედურების შემოწმება არ ხდება მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე.

 

სხვა პროცედურული დარღვევები: 

- გარდაბნის #31 უბანი განთავსებულია ღია სივრცეში. ამიტომ არ არის შექმნილი სამუშაო პირობები. კომისიის წევრების განმარტებით, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისთვის. 

- მარნეულის #65 უაბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა არაუფლებამოსილი პირი - ,,მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ, თავმჯდოამრემ დარღვევა აღმოფხვრა. 

 

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერილია 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი - უბანზე, 13 საჩივარი ოლქში. 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით). 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. 

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

- წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით); 

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოში, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.    

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით. 

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). პრესკონფერენცია გაიმართება 28 ნოემბერს: 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 29 ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge