საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2011 წლის 20 იანვარს ქ. თბილისში, აბზიანიძის #4-დან (საბაჟო დეპარტამენტის შენობიდან) დევნილების გამოსახლების პროცესს, რომელსაც გამოსახლების დაწყების მომენტიდან აკვირდებოდა საიას წარმომადგენელი.
2011 წლის 20 იანვრის იძულებითი გამოსახლების პროცედურა დაიწყო დილის შვიდ საათზე. ადგილზე მობილიზებულ იქნა რამდენიმე ათეული პოლიციელი, რომლებმაც ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს უშუალოდ შენობის შიგნით შესვლის და შიგნით განვითარებული მოვლენების დაკვირვების საშუალება არ მისცეს.
დევნილების გადაყვანა განხორციელდა სატვირთო ავტომობილებით, პატივისა და ღირსების შემლახველი ფორმით. აღნიშნული ავტომანქანები განკუთვნილი იყო ტვირთის გადასაზიდად და მასში ადამიანებისა და ტვირთის ერთად მოთავსება იყო მიუღებელი და შეურაცხმყოფელი. საია კატეგორიულად გმობს დევნილების მიმართ ამგვარ მოპყრობას.
უშუალოდ იძულებით გადაადგილებულ პირებთან საუბრის დროს გაირკვა, რომ მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე პოლიციამ მათ შეატყობინა 2011 წლის 20 იანვარს ღამით, გამოსახლებამდე რამდენიმე საათით ადრე. შეტყობინებებში არ იყო არავითარი მითითება გამოსახლების თარიღის შესახებ. ამასთან, იძულებით გადაადგილებული პირების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ოჯახებს, რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ ინდივიდუალური შეტყობინებები კომპენსაციით დაკმაყოფილების თაობაზე, გამოსახლების მომენტში არ ჰქონდათ მიღებული საკომპენსაციო თანხა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაციით დაკმაყოფილება სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915-ე, 2009 წლის 24 ივლისის #534-ე და 2010 წლის 3 ივლისის #856-ე განკარგულებების თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რომლებმაც უარი განაცხადეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე და დაწერეს განცხადებები კომპენსაციის, 10 000 აშშ დოლარის მისაღებად.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #747-ე ბრძანების თანახმად, დევნილების გამოსახლება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წერილობითი თანხმობის შემდგომ, ვთვლით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო დევნილების უფლებების დაცვა და წერილობითი თანხმობა გასცა იმ პირობებში, როდესაც დევნილებს არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლო კომპენსაცია. ამით, სამინისტრომ დაარღვია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ)“. კერძოდ, 6.9.1. პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შენობის გამოთავისუფლების გადავადების გამონაკლის შემთხვევებს და ადგენს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა გადაავადოს პოლიციისათვის გამოსახლების თაობაზე თანხმობის წერილის გაგზავნა, თუ განსახლების დაგეგმილი დღისათვის ყველა პიროვნებას, რომელსაც ეკუთვნის ფინანსური დახმარება, ფიზიკურად არ მიუღია იგი დევნილთაგან შენობის გამოთავისუფლებამდე მინიმუმ ათი დღით ადრე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge