დღეს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა აჭარაში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში – სასატუმრო “მესხეთში” – და დაიწყო იქ მყოფი დევნილების ძალის გამოყენებით გამოსახლება. გამოსახლებას ახორციელებდა ე.წ. სპეცრაზმი, რომლის წარმომადგენლებიც არანაირ განმარტებას არ აკეთებდნენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არ აცნობდნენ მოსახლეობას თავიანთ ვინაობას და გამოსახლების საფუძვლებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებლივად აფასებს რა მიმდინარე მოვლენებს, აცხადებს რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უხეშად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებს სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა იცავდეს, მით უფრო იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც დროებით საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებიან. მათი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა ევალება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.
“იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 5.4-ის თანახმად, დევნილთა საბინაო საკითხებთან დაკავშირებით დავა წყდება მხოლოდ სასამართლოს წესით და საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებიდან გამოსახლება დაუშვებელია, თუ არ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი პირობა: (1) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; (2) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; (3) ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; (4) დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დევნილის ეს უკანანო ქმედება უნდა იქნეს დადსტურებული სასამართლოს მიერ და დევნილთა იძულებითი გამოსახლებაც ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სასტუმრო მესხეთსა და მედეაში მცხოვრებ იმ დევნილებთან, რომლებიც დღეს უხეში ძალის გამოყენებით გამოაძევეს საცხოვრებელი ფართებიდან წერილობითი შეთანხმება არ იყო გაფორმებული, არც კანონით გათვალისწინებული სხვა პირობა არსებობდა რომ მათი გამოსახლება მომხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ გამოსახლებულთა დიდ ნაწილს დავა აქვს წამოწყებული ადგილობრივ სასამართლოში, ისინი ასაჩივრებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ბრძანებას სადავო სასტუმროების გაყიდვის თაობაზე. საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, მოსახლეობა და საზოგადოება გაურკვეველ ვითარებაშია. ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, უხეში ძალის გამოყენებით ხდება დევნილი მოსახლეობის გამოსახლება დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge