დათვი დათვია - რუსეთი მტერია!

2019 წლის ივნისში, შვედეთში ამერიკის მოქალაქე, რეპერი A$AP Rocky დააკავეს. საქმის დეტალებში არ შევალ ჩემთვის უფრო საინტერესო აშშ-ს რეაქცია იყო. ერთი მოქალაქის სავარაუდოდ უკანონო დაკავების შემდეგ საქმის შესწავლა მყისიერად დაიწყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. აშშ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, პირადად ესაუბრა შვედეთის პრემიერ მინისტრს და შესთავაზა, რომ პირადად დაუდგებოდა თავდებად რეპერს და მისი გათავისუფლება სთხოვა. შვედეთის პროკურატურა მაინც ითხოვდა ამერიკის მოქალაქის დასჯას. აშშ-ს პრეზიდენტმა ისევ გააკეთა განცხადება და მოუწოდა შვედეთს ამერიკის მოქალაქეს სამართლიანად მოპყრობოდნენ და გაეთავისუფლებინათ. ფაქტია რომ 2019 წლის აგვისტოში რეპერი გათავისუფლდა. ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ გააკეთა განცხადება და ამერიკის მოქალაქის გათავისუფლების აღსანიშნად და რეპერს „სახლში“ ამერიკაში A$AP დაბრუნებისკენ მოუწოდა.

გიგა ოთხოზორიას მამას ბატონ ზურაბ ოთხოზორიას ერთხელ შევხვდი. ევროსასამართლოში საჩივრის გასაგზავნად ოჯახის წევრებისგან ჩვენებების ასაღებად ვიყავით ზუგდიდში მათ სახლში. ძალიან ცოტას, თითქმის არც ლაპარაკობდა. ჩვენებების აღების დროს ნერვიულად დააბიჯებდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, როგორც ჩანს უჭირდა მკვლელობის დღეს მომხდარი დეტალების გახსენება/მოსმენა, მაგრამ წარუმატებლად ცდილობდა არ შეტყობოდა. ერთი რაც ჩამრჩა მეხსიერებაში იყო მისი ახსნა რა აზრი ჰქონდა მის არსებობას. მან თქვა რომ სურს ნახოს რომ მისი შვილის მკვლელობისთვის ვინმემ პასუხი აგო. დიდი ხანი არ გასულა ამ შეხვედრიდან და ბატონი ზურაბი გარდაიცვალა, ისე რომ გიგას მკვლელობისთვის არც მის სიცოცხლეში და არც ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მესამე წელია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ვმუშაობ ევროპულ სასამართლოში ვაწარმოებთ საქმეს. გიგა ოთხოზორიას საქმეზე ჩვენი მუშაობის პროცესს დაემთხვა ბევრი რამ:

- ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ განაცხადეს რომ 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ და ამას უფრო ხშირად იმეორებენ ვიდრე იმას რომ რუსეთი ოკუპანტია, ან იმას რომ ადამიანებს გვიკლავენ და გვიპატიმრებენ ყოველდღიურად.

- ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაში გაურკვეველი მიზეზით რუსი დამნაშავეები არ შეიყვანეს.

- რუსეთის დუმის დეპუტატი მოიწვიეს და დასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.

- პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ხელისუფლებამ დაარბია ანტი-საოკუპაციო მიტინგი.

- საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის გავლენა გაიზარდა და გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „როსნეფტის“ საქართველოში შემოყვანაზე. (აღნიშნული კომპანია აფხაზეთშიც ოპერირებს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით და მათი იქ ყოფნა არის ერთერთი არგუმენტი რომ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე).

- პუტინისადმი ჟურნალისტის მიერ განხორციელებული გინება ქვეყნის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა მყისიერად დაგმო და ჟურნალისტის მკაცრი პასუხისმგებლობა მოითხოვა. იმ პირობებში, როცა პუტინს ჩვენი მოქალაქეების მოკვლა, საკუთრების განადგურება, წამება და სხვა მრავალი დანაშაული არ დაუგმია. ამასთან, არცერთ პრინციპულ საკითხზე ადამიანის უკანონო დაკავება იქნება თუ თუნდაც მკვლელობა საქართველოს ხელისუფლებას ასეთი მყისიერი რეაქცია არ ჰქონია.

- საქართველოს სახელმწიფო რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 000 ევროთი აფინანსებს. ეს იმ დროს როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილობენ.

- და ა.შ. სამწუხაროდ ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება

ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გათვალისწინებით, უნდა მქონდეს თუ არა იმედი რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ბატონი ზურაბ ოთხოზორიას სურვილის შესასრულებლად? ამერიკის შეერთებული შტატები როგორ მოიქცეოდა? დიდი ბრიტანეთი? ისრაელი? სხვა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო?

რუსული პროპაგანდა ანდაზას „დათვი თუ მოგერევა ბაბაია უნდა დაუძახოო“ სიბრძნედ ასაღებს. ბაბაიას ძახილი დათვის არსს არ ცვლის, დათვი დათვად რჩება. იცვლება მხოლოდ ბაბაიას დამძახებელი,  თავისუფალი მებრძოლი ადამიანისგან მონისკენ. რუსეთისადმი შერბილებული პოლიტიკით და მტრისთვის მტრის არ დარქმევით შემცირდა ზიანი, რომელსაც რუსეთი გვაყენებს? მერამდენე ადამიანი უნდა მოგვიკლან ან რამდენი ჰექტარი უნდა წაგვართვან იმის მისახვედრად რომ არა?

გამოსავალი არის ერთი: „უფლების სიცოცხლე ბრძოლაა, ბრძოლაა ხალხთა, ბრძოლა მართებლობისა, წოდებათა და ინდივიდთა. ყოველი უფლება ქვეყანაზე ბრძოლით მოპოვებულია, ყოველი მნიშვნელოვანი სიტყვა უფლებისა დამყარებულია მათთან ბრძოლით, ვინც მისი წინააღმდეგი იყო; ყოველი უფლება ხალხისა თუ კერძო პირისა თხოულობს მარად მზად ყოფნას მის დასაცავად.“ რ.ი.

 

გიორგი ტაბატაძე საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge