საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.
ასოციაციის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა დასკვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებთან დაკაშირებით. ჩვენმა თანამშრომლებმა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული კანონპროექტის შემდგომ განხილვაში და ხელისუფლებასთან მიაღწიეს კონსესუსს რამდენიმე პრინციპულ საკითხზე. აღნიშნულის შედეგად მოხდა პროექტის დახვეწა, თუმცა ამასთანავე დარჩა ისეთი საკითხებიც, რომლებიც, ჩვენი აზრით, კვლავ პრობლემატურია და საჭიროებენ გადახედვას.
1. საკითხები, რომლებზეც მოხდა მოსაზრებების შეჯერება
ა) შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, პოლიციის თანამშრომელს ან სხვა კომპეტენტურ პირს, პრაქტიკულად აღარ ევალებოდა ეჭვმიტანილის დაკავების ოქმის შედგენისას კანონით დადგენილი წესების დაცვა, რაც ჩვენი აზრით, ქმნიდა სამართალდამცავთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უდანაშაულო პირის მსჯავრდების რეალურ საშიშროებას. (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ ვადების საკითხი, ვინაიდან თუ ოქმში არ იქნა ზუსტად მითითებული დაკავების დრო, ეს სათავეს უდებს უამრავ გაუგებრობისა და უკანონობას) - შეთანხმების შემდეგ გასწორდა შესაბამისი მუხლი.
ბ) პროექტის მიხედვით, საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის დაკითხვა მხარეთა შუამდგომლობის შემდეგ აღარ იყო სასამართლოსათვის სავალდებულო, მაშინ როდესაც ექსპერტის დასკვნას მის მიერ შემდგომი დადასტურების გარეშე არა აქვს მტკიცებულებითი ძალა - შეთანხმების შედეგად გასწორდა აღნიშნული საკითხი.
გ) პროექტის მიხედვით, მხარეს შუამდგომლობის განცხადება შეეძლო მხოლოდ სასამართლო კამათის დაწყებამდე. ეს ინიციატივა უსპობდა მხარეს უფლებას შუამდგომლობა დაეყენებინა შემდგომ, ახალი არსებითი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი - შეთანხმების შედეგან გასწორდა აღნიშნული საკითხი.
დ) პროექტის თანახმად სასამართლოს მხარეებს უწესებდა კონკრეტულ ვადებს (5 წუთი, 10 წუთი და სხვა), მისი მეშვეობით იზღუდებოდა არა მხოლოდ მხარე, არამედ მოსამართლეც, რომელსაც არა ჰქონდა უფლება, პროცესის მონაწილისათვის მიეცა კანონით განსაზღვრულზე მეტი დრო - შეთანხემბის შედეგად გასწორდა აღნიშნული საკითხი.
ე) პროექტის მიხედვით ერთი აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით შეცვლის გადაწყვეტილება მოსამართლეს შეეძლო მიეღო ზეპირი მოსმენის, ანუ მხარეთა მონაწილეობის გარეშე - შეთანხემბის შედეგად გასწორდა აღნიშნული საკითხი.
ვ) პროექტი ითვალისწინებს მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საკითხს. აღნიშნული ეხებოდა მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებას, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებული დაცვის სფეროს და დაუშვებელია მასში ნებისმიერი ფორმით ჩარევა - შეთანხმების შედეგად კოდექსში ჩაიდო შესაბამისი დათქმა, რომელიც გამორიცხავს თათბირის საიდუმლოების დარღვევის შესაძლებლობას.
ზ) პროექტით განმარტებულ იქნა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ცნება, რომელიც ბადებდა მრავალ პრობლემურ კითხვას - შეთანხმების შედეგად მოხდა შესაბამისი მუხლის დახვეწა.
თ) პროექტი გვთავაზობდა ცალსახად არაკონსტიტუციურ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დამყარებოდა უტყუარ მტკიცებულებებს. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მე-40 მუხლის მოთხოვნით “დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს”. - შეთანხმების შედეგად გასწორდა შესაბამისი მუხლი.
ი) პროექტის მიხედვით შემოდიოდა ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ “გამამტყუნებელი განაჩენი 24 საათში”. ეს გახლდათ დამატება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას, საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრიციპებს - პროექტის ავტორებმა ამოიღეს აღნიშნული ინიციატივა, დარწმუნდნენ რა მის აბსურდელობაში.
2. საკითხები, რომლებზეც ვერ შევთანხმდით და რომლებიც ჩვენი აზრით პრობლემატურია
ა) პროექტით გათვალისწინებულია განსასჯელისათვის დამცველის დანიშვნის შემთხვევები - მიუხედავად იმისა, ესაჭიროება თუ არა პირს კანონით დადგენილი იძულებითი დაცვა. აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლსა და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას, რომელთა თანახმადაც პირს აქვს უფლება დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. ამას გარდა პროექტის მიხედვით შესაძლებელი ხდება, რომ პირს ერთდროულად ჰყავდეს როგორც არჩეული, ასევე სახაზინო წესით დანიშნული დამცველი, რაც თავისთავად ბადებს მრავალ კითხვას და გაუგებარს ხდის სახაზინო დამცველის ფუნქციას.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყანაში იურიდიული დახმარების სიტემა არ არის ჩამოყალიბებული და მისი რეფორმა მხოლოდ განხორციელების სტადიაშია. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დანიშვნითი დაცვა, როგორც წესი, წარმოადგენს უბრალო ფორმალობას.
ბ) პროექტის მიხედვით შესაძლებელი ხდება საქმის განხილვა იმ მოსამართლის მიერ, რომელიც მონაწილეობდა გამომძიებლის და პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვაში.
ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, პირს აქვს უფლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე.
მოსამართლე წყვეტს რა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, ხელმძღვანელობს პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად აღნიშნული დადგენილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად კი ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული.
აქედან გამომდინარე - მოსამართლეს, რომელიც იხილავს ზემოაღნიშნულ დადგენილებას და მისი გათვალისწინებით უფარდებს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას, ექმნება წინასწარი რწმენა პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, რაც აპრიორი წარმოადგენს მოსამართლის მიკერძოების წინაპირობას.
აღნიშნული მოსაზრება ასახულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში Hauschildt v. Denmark.
გ) პროექტის თანახმად პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი მიღებისთანავე. კანონპროექტის ავტორები აღნიშნულ ინიციატივას ასაბუთებდნენ იმით, რომ თითქოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მდგომარეობა უმჯობესდებოდა მისი საპყრობილეში გადაყვანით. მათ არ გაითვალისწინეს იმ განსასჯელთა საკითხი, რომელთაც შეფარდებული აქვთ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება (გირაო ან თავდებობა) და რომელთაც აპელაციის მიუხედავად აღეკვეთებათ თავისუფლება. ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა პირისათვის პირობითი მსჯავრის ანალოგიური ღონისძიების შეფარდებას გასაჩივრების პერიოდში, თუმცა აღნიშნული ინიციატივა უპასუხოდ დარჩა.
დ) პროექტის მიხედვით მთელი რიგი შუამდგომლობების განხილვა სასამართლოს მიერ ხდება ზეპირი მოსმენის ანუ მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორისაა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ. ჩვენის აზრით, აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპს - მხარის უფლებას, დაესწროს სასამართლო სხდომას და წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები და შეხედულებები განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე. ეს უფლება არის სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილი და მისი შელახვით ირღვევა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი. აქვე გვსურს დავამატოთ, რომ პროცესის გაჭიანურების საწინააღმდეგო მექანიზმები ისედაც საკმარისადაა გათვალისწინებული კანონპროექტში (წერილობითი შუამდომლობა, გონივრული ვადების დაწესება მოსამართლის მხრიდან და ა.შ.) და ზეპირი მოსმენის გარეშე ისეთი მნიშნვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიება, გაუმართლებლად მიგვაჩნია.
ე) ჩვენს მიერ დაისვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლების ჰარმონიზაციის საკითხი, რომლებიც ითვალისწინებენ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ბრალდებულთა (განსასჯელთა) ცალ-ცალკე ყოფნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობას. დღეს არსებულმა კოლიზიამ წარმოშვა არაერთი გაუგებრობა - მხედველობაში გვაქვს სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულ პირთა ერთ საკანში ყოფნის ფაქტი, რაც საზოგაოდების ცალსახა შეფასებით, შესაძლებლობელს ხდის მათ მიერ ჩვენებების შეთანხმებასა და ამით საქმეზე ჭეშმარიტების დაუდგენლობას.
პროექტის ავტორებმა “პირიქით” მიიღეს ჩვენი წინადადება და განიზრახეს შეცვალონ პატიმრობის შესახებ კანონის ის მუხლი, რომლითაც სავალდებულოა ზემოაღნიშნულ პირთა ცალ-ცალკე მოთავსება. ჩვენი შეფასებით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ყოვლად მიუღებელია და მიუთითებს მათ სურვილზე - განახორციელონ “შერჩევითი მართლსაჯულება” და ყველა ხერხითა და საშუალებით აარიდონ პასუხისმგებლობა დამნაშავე სახელმწიფო მოხელეებს.
• საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებისა და დამატებების შეტანას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ინიციატივა
პროექტის მიხედვით ხდება შემდეგი ქმედების კრიმინალიზაცია - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნების შენახვა, ტარება, სარგებლობა - აღნიშნული დამატება მიუღებელია შემდეგი მიზეზების გამო:
ა) ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში მოთავსებული პირი იმყოფება (უნდა იმყოფებოდეს) იზოლირებულ მდგომარეობაში, შესაბამისად, აკრძალული ნივთები მასთან შესაძლოა მოხვდეს მხოლოდ ადმინისტრაციის უშუალო მონაწილეობით, ამიტომ - ჩვენი აზრით, ამისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა იზოლირებულ პირს, არამედ ადმინისტრაციას. მხედველობაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი და არა დისციპლინარული პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლოა დაეკისროს პირს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული განაწესის დარღვევისათვის;
ბ) აუცილებელია აღინიშნოს დღესდღეობით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც გვაძლეს საკმარის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლი გახდება სხვადასხვა უკანონობისა და უსამართლობის სათავე. მხედველობაში გვაქვს დაწესებულებათა ადმინისტრაციის მხრიდან თავიანთი უფლებამოსილებისა და იქ მოთავსებულ პირთა “უსუსურობის” ბოროტად გამოყენების რეალური საფრთხე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge