დარჩი სახლში

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენივე ურყევი ნების საფუძველზე საქართველოში დავამკვიდრეთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება და უზრუნველვყავით ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. ამასთანავე კონსტიტუციის მე-3 მუხლში ჩვენ ვთქვით, რომ  ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი“ც“ და სახელმწიფო“ც“ შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ორი „ც“ ნამდვილად არ არის შემთხვევითი და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იმ სამართლებრივ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ ადამიანის უფლებებით შეზღუდულია არა მხოლოდ ხელისუფლება(state action doctrine), არამედ შეზღუდულები ვართ ჩვენც, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი(horizontal effect).

დღეს აი ამ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოში მცხოვრები თითოეული ადამიანი დგას ახალი კორონა ვირუსის(Covid-19) გავრცელების საფრთხის წინაშე. საქართველოს პარლამენტმა უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რის საფუძველზეც შეგვეზღუდა ზემოთნახსენები საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრების უფლება. 

მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების მიზანს წარმოადგენს ე.წ სოციალური დისტანცირება. სოციალური დისტანცირების იდეას წარმოადგენს ადამიანების ერთმანეთისაგან ფიზიკური დაშორება, მათ შორის კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება, რაც თავის მხრივ ამცირებს დაავადების გავრცელების შესაძლებლობას. 

სოციალური დისტანცირება სახელმწიფოს ეხმარება ჯანდაცვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში დაავადების ბრძოლის კვალდაკვალ. სახელმწიფოს რესურსების გათვალისწინებით არსებობს ზღვარი, რომლის ზემოთაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ ახერხებს დაავადებული ადამიანების მკურნალობას. რაც უფრო იზრდება დაავადებულთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის რესურსებს, მით უფრო იტვირთება ჯანდაცვის სისტემა, ამის შემდეგ ავადდება თავად ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალიც და ჯანდაცვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ზღვარი ქვემოთ იწევს. მეორე შემთხვევაში, როცა დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზე სახელმწიფო ატარებს მნიშვნელოვან სოციალური დისტანცირების ღონისძიებებს, დაავადების ზრდის ტემპი შენელებულია და ჯანდაცვის სისტემის რესურსებიც საკმარისია ნორმალური ფუნქციონირების პირობებში უზრუნველყოს ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა.

Image result for social distancing

როგორც უკვე ვახსენე, მთავრობამ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა უკვე გაატარა და მას კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აქვს როგორ უზრუნველყოფს აღნიშნული პირობების შენარჩუნებასა და სამომავლოდ ეფექტურ განხორციელებას. თუმცა, როგორი უნდა იყოს ჩვენი, როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა გონივრული ქცევა, რაც მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უფრო მეტად ეფექტურს გახდის და საბოლოოდ ამ დაავადების დამარცხებაში დაგვეხმარება? თან როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენც ვართ შეზღუდულები სხვათა უფლებებით ჩვენი უფლებების განხორციელებისას.

საზოგადოებაში არსებული პრობლემების ფონზე, სოციალურ სივრცეებში ხშირად იქმნება მოკლე და ყველასთვის გასაგები მესიჯბოქსები(დევიზი), რომელთაც ყველანი ავიტაცებთ ხოლმე და ჰაშტაგის(#-ის) გამოყენებით ვაზიარებთ საკუთარ სოციალურ გვერდზე. მაგალითად თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ, 20 ივნისის ამბებთან დაკავშირებული სოციალური დევიზი იყო #გამოდიგარეთ. დღეს კი კრონა ვირუსთან ბრძოლის ფონზე ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანების დევიზს წარმოადგენს #დარჩისახლში(ალბათ, მიხვდებოდით ჩემი ბლოგის სათაურის მნიშვნელობასაც). მოწოდება #დარჩისახლში გახდა ის იარაღი, რომლითაც  ვზრუნავთ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე და ამავდროულად ვებრძვით ჩვენს უხილავი მტერს - კორონა ვირუსს. 

ხოდა, რატომ უნდა დარჩე სახლში?

ერთი მიზეზი ის არის, რომ თუკი აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლში არ დარჩები(მაგ: წახვალ საჯარო თავშეყრის ადგილზე, სადაც შენთან ერთად კიდევ 10 ადამიანი იქნება) შესაბამისი ორგანოები მთავრობის დადგენილების საფუძველზე ჯერ 3000 ლარით დაგაჯარიმებენ, შემდეგ კი შეიძლება დაგიჭირონ კიდეც თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მე კი მგონია, რომ კიდევ არსებობს აღნიშნულისგან განსხვავებული ისეთი მიზეზი, რომელმაც უნდა ჯერ უნდა დაგაფიქროს და მერე სახლში უნდა დაგარჩინოს. 

ყოველი ჩვენგანისთვის, ვისაც გაერთიანებისა და სხვა უფლებები შეგვეზღუდა ამ უფლებების შეუზღუდავად განხორციელებას აქვს გარკვეული ღირებულება. აი, მაგალითად, როგორც თქვენთვის ტაძარში წასვლას აქვს ძალიან დიდი ღირებულება, ასევე დიდი ღირებულება აქვს ჩემთვის Ჩემს საყვარელ ადამიანებთან შეკრებას და მათთან ერთად დროის სხვადასხვაგვარად გატარებას.

ჩვენც, ვინც გადავწყვიტეთ რომ სახლში დავრჩეთ(სახლიდან ვიმუშაოთ, სახლში გავერთოთ, სახლიდან ვიურთიერთოთ), ძალიან გვიმძიმს ცხოვრების წესის ასეთი რადიკალური შეცვლა. მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ქმედებებს თან სდევს პასუხისმგებლობები, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი კი ვალდებულია ზრუნავდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე იმდენად, რამდენადაც უზრუნველობა არ გახდეს სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის საფრთხის მომტანი. ასეა სამართლებრივადაც და ასეა რელიგიურადაც. ყოველი მოსამართლე გეტყვით, რომ სამოქალაქო ურთიერთობებში თქვენი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას თქვენ გაკისრიათ გულისხმიერების ვალდებულება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ, ამიტომ არ უნდა დააზიანოთ საკუთარი თავი ისე, რომ ამით სხვებიც დააზიანოთ. სწორედ ასე გვზღუდავს სხვათა უფლებები ჩვენ, და ასე არიან სხვები შეზღუდულები ჩვენი უფლებებით. ჩემი აზრით, ამავეს ამბობს ქრისტეც „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, ვითარცა თავი თვისი“.

ჩვენ იმიტომ ვრჩებით სახლში, რომ საფრთხე არ შეგიქმნათ თქვენ და საკუთარ თავებს, ამით კი ვზღუდავთ საკუთარი გაერთიანების თავისუფლებას. თქვენი სახლში არ დარჩენით და მაგალითად, ეკლესიაში წასვლით და რელიგიური უფლებების განხორციელებით, ჩვენ თავს ვგრძნობთ დაუცველებად, რადგან ნებისმიერი შეკრების ადგილზე არსებობს დაავადებით ინფიცირების მაღალი რისკი(ისე, აუცილებელი არ არის, რომ ინფიცირება მოხდეს კოვზის მეშვეობით, სხვა ბევრმა ფაქტორმაც შეიძლება განაპირობოს ინფიცირება მითუმეტეს მაშინ, როცა მეცნიერულად დამტკიცდა, რომ ვირუსი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰაერშიც ჩერდება და მას აქვს უნარი ჰაერის გავლით შეიჭრას ორგანიზმში და ამგვარად დააინფიციროს ადამიანი).

ამიტომ გთხოვთ: 

დროებით თავი შეიზღუდოთ ისეთი ძვირფასი უფლებით სარგებლობისგან, როგორიცაა გაერთიანების უფლება(არ აქვს მნიშვნელოვანი რა მიზნით გამოიყენებთ ამ უფლებას, ეკლესიური რიტუალის აღსასრულებლად თუ მეგობრულ წვეულებაზე წასასვლელად). მართალია საქართველოს მთავრობამ შესაძლოა ვერ შეძლოს მის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულება, თუმცა, გთხოვთ, თქვენი ქმედებები სხვათა უფლებებისგან მომდინარე მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობის აღებით შეიზღუდეთ. 

თუკი ყველანი არ ვიზრუნებთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, როგორც მორწმუნენი, ასევე ურწმუნონი, ჩვენ ვერ შევძლებთ ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. თუკი ჩვენ ვერ ავირიდებთ ვირუსის ფართო გავრცელებას, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რესურსები არ იქნება საკმარისი და საფრთხე შეექმნება ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა კი არც რომელიმე რელიგიური წესის აღსრულება დგას, და არც რომელიმე სამართლებრივი ნორმის დაცვის საჭიროება. 

ამიტომ, კიდევ ერთხელ, გთხოვთ: #დარჩითრასახლში.

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge