დანაშაულის პრევენციის ცენტრი დღემდე არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ კიდევ 2017 წლის 15 სექტემბერს შევიდა.
საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მიზნად ისახავდა თამაზ ახობაძის გათავისუფლებას. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ სუბიექტური განწყობის გამო, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხსა და მათ კომპეტენციასთან.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე თამაზ ახობაძემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არაერთი მიმართვის მიუხედავად მოპასუხე დაწესებულება დღემდე თავს არიდებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და მისთვის აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხე პირველ ეტაპზე იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს ცენტრის ხელმძღვანელმა ამავე დაწესებულებაში მომუშავე ერთ-ერთი პირი დააწინაურა სადავო პოზიციაზე. აღნიშნულმა პიროვნებამ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმდინარე წელს განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების მოთხოვნით, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნები, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო თამაზ ახობაძის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული ორივე განჩინებით, რომლებიც მიღებულია ცენტრის საკასაციო საჩივარსა და დაინტერესებული პირის განცხადებასთან დაკავშირებით, დადასტურებულია, რომ ცენტრმა თამაზ ახობაძე უკანონოდ გაათავისუფლა, რის გამოც იგი უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით პირი, რომელიც იკავებს მოსარჩელის პოზიციას ვერ იქნება განხილული წინამდებარე საქმის ფარგლებში დაინტერესებულ პირად. ამდენად, სადავო პოზიციაზე მისმა დაწინაურებამ ხელი არ უნდა შეუშალოს თამაზ ახობაძის აღდგენას უკანონოდ გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით ცენტრს არაერთხელ გაუგზავნა შეტყობინება, ყველა მათგანი დღემდე უპასუხოდ დარჩა. ამდენად, დღეის მდგომარეობით სრულიად უცნობია რა საფუძვლით აჭიანურებს ცენტრი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ გაჭიანურება უკავშირდება ცენტრში დაგეგმილ რეორგანიზაციას, რაზეც უკვე დაწყებულია უწყებაში მუშაობა.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის არიდება, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს თამაზ ახობაძის სადავო პოზიციაზე აღუდგენლობას და შესაბამისად, აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის გადაუხდელობას, შესაძლოა, ასევე, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ ფაქტზე პროკურატურისათვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს - დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;
- აღსრულების ეროვნულ ბიუროს - მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებს - წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უწყებების მიერ არ მოხდება მათი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ზომების გატარება და თამაზ ახობაძის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად აღსრულება, საია გეგმავს ახობაძის ინტერესების დასაცავად საჩივრით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge