დღის 14:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.
ამ დროისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა. ინცინდენტები მოხდა #9, #95 და #97, #87 საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე.
ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები.
ფარულობის პრინციპი ირღვევა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილებიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირთა დიდი რაოდენობა იმყოფება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა. მან უნდა უზრუნველყოს სადამკვირვებლო სივრცის სამართლიანი განაწილება ისე, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს დაბრკოლებები არ შეექმნათ ამომრჩევლებს.
ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის ოლქში დაიწერა სულ 5 საჩივარი:
- #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზე მისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);
-#108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Live რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს - ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია);
ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ მარნეულის ოლქში დაიწერა სულ 1 საჩივარი:
- #83 უბანში - განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა).
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მარნეულის, ზუგდიდის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებს, ასევე წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 50 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 22 საარჩევნო უბანში. საია არჩევნებს 6 საარჩევნო ოლქში 17 მობილური ჯგუფით და 7 ოლქის დამკვირვებელით დააკვირდება. საიას ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.
საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30
პრესკონფერენცია გაიმართება 19 მაისს: 14:00 საათზე და 20:00 საათზე. ხოლო 20 მაისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს 12:00 საათზე.
19 მაისის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge