ადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.
მას შემდეგ ბევრმა დრომ ჩაიარა. სოფლის თავში დატოვებულ სათესებთან მცხოვრები მოხუცებიდან თითქმის აღარავინ დარჩა ქვეყანაზე. დროც შეიცვალა რაღაცნაირად. ვეღარც მე დავდივარ ხშირად "ოთხზიარში" და ის რაც ბავშვობაში მობეზრებული მქონდა ახლა ყველაზე მეტად მენატრება. მენატრება იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ისეა როგორც წლების წინ. ნალია თავის ადგილას დგას. წყარო ისევ დის და ხედიც საოცარია აჭარისწყლის ხეობაზე.
ორი დღის წინ, ჩემი თბილისური ექვსწლიანი ცხოვრებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოვახერხე "ოთხზიარში" ასვლა. ყველგან ახალგაშენებული თხილის ბაღები დამხვდა. სიმინდს თითქმის აღარსად თესავენ. სამაგიეროდ თეთრი ბალი წელსაც ბლომად იქნება. ბალის დამწიფებამდე კი ტყის მარწყვის დაკრეფით ვიჯერე გული. უკან გზაზე „საფენი ქვაზე“ გავჩერდი. იმ ქვაზე საიდანაც აჭარისწყლის ხეობაში გაწოლილი მესხეთის და შავშეთის ქედების განშტოებების ცქერით შეგიძლია დატკბე. ერთი ხანი ვტკბებოდი კიდეც, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ფიქრებით სხვა ქვეყანაში ვიყავი წასული. უფრო სწორედ იმ ქვეყანაში საიდანაც სამი დღის წინ დავბრუნდი უკან.
ვფიქრობდი არაფრისმთქმელ ყოველდღიურობაზე რომლის ყოველი მომდევნო დღე წინა დღის ალი-კვალი გაგრძელებაა და თითქმის არაფერი იცვლება ირგვლივ. ვფიქრობდი გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე დატრიალებულ ამბებზე სადაც პოზიცია და ოპოზიცია ცოცხლად ჭამდა ერთმანეთს და თბილისის ბოტანიკური ბაღი სადღაც სხვაგან დარჩა. ვფიქრობდი "პაNOრამას" აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე და იმ სასაცილო სასამართლო პროცესებზე, რომლის ძალითაც ადამიანები საჯარო სივრცეში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, სასამართლომ კი სამართალდამრღვევებად ცნო. ვფიქრობდი ჩაბეტონებულ ქალაქზე და ქალაქში გაიშვიათებულ ჰაერზე. და კიდევ ვფიქრობდი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებებზე, რომ „შინაური“ კომპანიებისათვის ლამის ფეშქაშად მიცემული ჩვენი ფული პრობლემას არ წარმოადგენს.
ზოგჯერ მართლა მგონია, რომ მომავალი მხოლოდ იქ არის საიდანაც წლების წინ დავიწყე. ზოგჯერ ძალიან მომინდება, აი ძალიან რომ ყველაფერი მივატოვო და უკან დავბრუნდე. დავბრუნდე იქ სადაც ღამე ცა გამჭვირვალეა და ვარსკვლავებიც მზის ამოსვლამდე შეგიძლია ითვალო. სადაც მხოლოდ მდინარის ხმა „გირღვევს“ მყუდროებას და შემოდგომისას ერთმანეთზე უკეთესი ცოლიკოურის და ჩხავერის ვენახების ცქერა შეიძლება. სადაც მწვანეში ჩაფლული მთები გატყვევებს და ალაგ-ალაგ საუკუნე გამოვლილ ძველ აჭარულ და ლაზურ სახლებს გადააწყდები კიდევ.
თუმცა, სხვა ქვეყანა არ არსებობს. არც სხვა რეალობა და სხვა მომავალი. ირგვლივ ყველაფერი ერთმანეთის ნაწილია. საერთოდაც, თბილისში დაბრუნების დროა.
სულხან სალაძე საიას იურისტი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge