დაბრკოლებები საზღვრის კვეთისას

,,[...] მიდიხარ საპასპორტო კონტროლზე, გთხოვენ, გვერდით დაიცადო.. არ გიხსნიან,რატომ, რისთვის, რა მიზეზით. ჩანს, რომ ჯიხურში მჯდომი მესაზღვრე პასპორტს უღებს ფოტოს და გზავნის „WhatsApp-ში“ და რაღაცას წერს. უგზავნიან, როგორც ჩანს, ან უფროსობას, ან უსაფრთხოების სამსახურს. ამისგან შედგება პროცედურა. შენ დგახარ და ელოდები ნახევარი საათი, ორმოცი წუთი, ერთი საათი. არავინ არაფერს არ გიხსნის და არ გეუბნება.”[1]

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რუსეთის მიმართ გატარებული სანქციების შიშმა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალმა ტალღამ და სამხედრო მობილიზაციის დაწყებამ, რუსეთში მცხოვრებთა ნაწილს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა და ამას მიგრაციული ტალღები მოჰყვა. რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების ერთ-ერთ ადგილად საქართველოც იქცა, რაც, ერთი მხრივ, საერთო სახმელეთო საზღვარმა, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლის სიმარტივემ განაპირობა. 

2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციულ პროცესს 3 პიკური ეტაპი ჰქონდა. საქართველოშიც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სამი ტალღა შეიძლება გამოვყოთ.  პირველი მზარდი ნაკადი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე გამოჩნდა. სხვა პირთა შორის, პირველ ნაკადში მოექცნენ რუსეთის მმართველობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირებიც, რომლებმაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად დაწესებული ძველი და ახალი რეგულაციების გამო დატოვეს ქვეყანა. მათ შორის, ახალი რეგულაციებით შეიზღუდა სიტყვა „ომის“ გამოყენება ნაცვლად „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“ და ამ მუხლის დარღვევისათვის მკაცრი სასჯელი განისაზღვრა.

მეორე, უფრო მცირე ტალღისას, რუსეთის ფედერაცია ძირითადად იმ ჯგუფმა დატოვა, რომლებმაც მიგრაციის დაგეგმვას მეტი დრო მოანდომეს, მათ შორის ოჯახებმა, რომლებიც ელოდებოდნენ, როდის დაასრულებდნენ ბავშვები სასწავლო წელს. 

განსაკუთრებით დიდი მიგრაციული ტალღა 2022 წლის 21 სექტემბერს გამოცხადებულმა  ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ გამოიწვია. მობილიზაციის ფარგლებში, ჯამში 300 000 რეზერვისტის გაწვევა იყო დაგეგმილი. 

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლის სიმარტივის პარალელურად, საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც კრემლთან დაპირისპირებული ჟურნალისტების, აქტივისტებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვებს შეეხებოდა.

კოლეგებთან ერთად, მქონდა შესაძლებლობა, შემესწავლა ის გამოცდილებები, რასაც ჟურნალისტები, აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს საზღვრის კვეთისას აწყდებიან. გამოიკვეთა პრობლემური გამოცდილებები, რომლებიც შემდეგ საკითხებს მიემართება: საზღვარზე დაყოვნების პრაქტიკა, საზღვრის კვეთისას ფოტოსურათის გადაღება, უფლებების განმარტებაზე უარი, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზედაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პრობლემურობა.

ინტერვიუების დროს გამოკითხული პირები აღნიშნავდნენ, რომ ხშირად უწევთ ლოდინი საპასპორტო კონტროლის პუნქტთან, სადაც მესაზღვრე ფოტოებს უღებს მათ პასპორტს, გზავნის ინტერნეტის მეშვეობით და ელოდება პასუხს. საზღვარზე დაყოვნებისას არ ხდება უფლებების განმარტება და ახსნა, რა არის დაყოვნების საფუძველი, რაც  გაურკვევლობას, შიშსა და დაძაბულობას იწვევს.

საზღვარზე დაყოვნების შემდგომ, რესპოდენტების ნაწილი ქვეყანაში არ შემოუშვეს, თუმცა, მათთვის არ განუმარტავთ ამის მიზეზები. ერთ-ერთი რესპოდენტის განმარტებით, მას საქართველოში შემოსვლაზე ისე უთხრეს უარი, რომ რაიმე დოკუმენტი არ გადაუციათ, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე არ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება. ამავდროულად, მას არც ზეპირსიტყვიერად განემარტა საქართველოში შემოსვლაზე უარის სამართლებრივი საფუძვლები.

„საქართველოში არაფერი არ ამიხსნეს. უბრალოდ დამსვეს თვითმფრინავზე და გამიშვეს. ფურცელიც კი არ მომცეს, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში. დოკუმენტი არ მომცეს. [...] პოლიციამ უარი მითხრა, აეხსნა, რატომ არ მიშვებენ ქვეყანაში. ვცადე, ზრდილობიანად, დიპლომატიურად მეკითხა, სპეციალურად დავუსვი კითხვა: უკაცრავად, რატომ არ შემომიშვით, მე ხომ არავითარი კანონი არ დამირღვევია, არავითარი დოკუმენტი არ მჭირდება საქართველოში შესასვლელად [...] მაგრამ არავის არაფერი არ მოუსმენია და არავის არაფერი არ აუხსნია.“[2]

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების საზღვარზე დაყოვნება ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა, კანონმდებლობით დასაშვებია. თუმცა, ეს პროცესი ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემით, მათგან მომდინარე ინდივიდუალური ეჭვის საფუძველზე უნდა წარიმართოს და არა დისკრიმინაციული მოტივებით. საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლების ზოგადი ხასიათი არ ამართლებს მათი თვითნებურად გამოყენების შემთხვევებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადახედოს ამ უარყოფით პრაქტიკას.

ანგარიში ქართულ ენაზე იხილეთ ლინკზე

ანგარიში ინგლისურ ენაზე იხილეთ ლინკზე

 

ავტორი: საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე

 

 


[1] ამონარიდი ინტერვიუდან.

[2] ამონარიდი ინტერვიუდან.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge