ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის 1-3 დეკემბრის სხდომაზე ე.წ. „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების საკითხი შეაფასა და საიას რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ზომების მიღება დაავალა.
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში ზედამხედველობს, სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას და ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება. ამ ჯგუფში შედის საიას წარმოებაში არსებული 3 საქმე: „გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. პირველი საქმე 2009 წლის 26 მაისს ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავების დროს და შემდეგ მომჩივნის არასათანადო მოპყრობას შეეხება. დანარჩენი 2 საქმე კი 2009 წლის 15 ივნისს შსს-ს მთავარ სამმართველოსთან აქციის დაშლის დროს აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების არასათანადო მოპყრობას, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება.
წლების განმავლობაში საია აქტიურად აკვირდება ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესს. 2020 წლის 20 ოქტომბერს საიამ მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომელშიც ამ ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა შეაფასა. ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში საიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შეზღუდული მანდატი, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოსამართლის როლთან მიმართებით არასაკმარისი გარანტიების არსებობა და სხვა. ინდივიდუალური ღონისძიების ფარგლებში საიამ კომიტეტს აცნობა ზემოთ მითითებული 3 საქმის გამოძიების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების შესახებ.
2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა პოზიტიურად შეაფასა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები. ამასთან, საიას და სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებზე დაყრდნობით კომიტეტმა სახელმწიფოს დამატებით კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. კერძოდ,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანობა - კომიტეტმა აღნიშნა, რომ გამოწვევები კვლავ რჩებოდა ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებთან და საგამოძიებო პროცესზე პროკურატურის მიერ სრული კონტროლის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოუწოდა საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ზომების საშუალებით უზრუნველყოს არსებული გამოწვევების აღმოფხვრა.
არასათანადო მოპყრობის საქმეების კვალიფიკაცია - კომიტეტის განმარტებით, სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების წარმართვა ისეთი ზოგადი მუხლით, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და არა წამების ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, უარყოფითად აისახებოდა მსხვერპლთა საპროცესო უფლებებზე. შესაბამისად, კომიტეტმა სახელმწიფოს მოსთხოვა, დამატებითი ინფორმაცია წარედგინა საქმის კვალიფიკაციის პრაქტიკასა და მსხვერპლთა მიერ კვალიფიკაციის გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
გამოძიების პროცესში დაზარალებულთა ეფექტიანი ჩართულობა - კომიტეტის განმარტებით, პრაქტიკაში კვლავ რჩებოდა პრობლემები საგამოძიებო ორგანოების მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რასაც ინდივიდუალურ საქმეებზე საიას მიერ წარდგენილი ინფორმაციაც ადასტურებდა. დამატებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, გამოძიების/დევნის შეწყვეტის შესახებ და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის შესახებ პროკურორის დადგენილება დაზარალებულის მიერ მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან საჩივრდებოდა და არა სასამართლოში. ამასთან, კანონმდებლობა არ ავალდებულებდა პროკურორს ამ დადგენილებების დასაბუთებას. კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის გამოძიების/დევნის შეწყვეტის შესახებ და დევნის დაწყებაზე უარის შესახებ დადგენილებების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.
მოსამართლის როლის გაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - 2018 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მოსამართლე უფლებამოსილია, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. კომიტეტის შეფასებით, ამ უფლებამოსილების შემოღება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც პოზიტიური გარანტია იქნებოდა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელება - ამ კუთხით კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, გააფართოოს დაკავებულის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კომუნიკაციის, მათ შორის, დაკითხვის და გამოკითხვის პროცესის, აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ საქმეებს, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ მიმდინარე გამოძიების დროულად დასრულება და ასევე კომიტეტის ინფორმირება გამოძიების კვალიფიკაციის და გამოძიების ფარგლებში მომჩივანთა ჩართულობის შესახებ.
მინისტრთა კომიტეტი „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეთა განხილვას 2022 წლის მარტის სხდომაზე განაახლებს. საია აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს მიერ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში ასახული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge