ათ საათზე, სამსახურში მისულებს 85 წლის მოხუცი დაგვხვდა, გველოდებოდა. დილის ექვს საათზე, დევნილთა ერთ-ერთი დასახლებიდან შვილიშვილებს გამოეპარა. ცხელოდა და შეწუხებული და მშიერი იყო, მაღალი წნევაც ჰქონდა. ჩვენმა ყველაზე „სენსიტიურმა“ (ასე ვეძახით) თანამშრომელმა, სახელდახელოდ ბუტერბროდი გაუკეთა და წამალიც დაალევინა.
ბებომ გვითხრა, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენამდე მოსვლა. „მარშუტკით“ ჩამოვიდა, შემდეგ ტაქსმა ძვირი დაუფასა მგზავრობა. იძულებული გახდა, მეტროში ჩასულიყო. მეტროში ყველაფერი შეუცვლიათ შვილო, ჩემს დროს სხვანაირად იყოო. რაღაც ბარათი მაყიდინეს, ფული ჩამარიცხინეს და ისე გამომატარესო. მარჯანიშვილის მეტროდან ფეხით მოსვლა ძალიან გამიჭირდაო, ფეხები აღარ მემორჩილება შვილო, დავბერდიო.
აღმოჩნდა, რომ წინა დღეს, ბებოს ჩვენმა თანაშემწემ დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ვიზიტის დროს, კითხვარი შეავსებინა. კითხვარის ბოლო შეკითხვა ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ მოლოდინებს. ჩამონათვალიდან ბებომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება შემოახაზინა და კითხვარის ბოლოს ხელიც მოაწერა.
როგორც ჩანს, ბებომ პასუხი კარგად ვერ დაიმახსოვრა. თანაშემწის წამოსვლის შემდეგ უფიქრია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საერთაშორისო დონეზე სახელმწიფოებად აღიარება შემოახაზინა და ხელი ამაზე მოაწერა. ჩვენს მიერ დატოვებულ საინფორმაციო ბროშურაზე ტელეფონის ნომერი ეწერა, ცდილობდა დარეკვას, თუმცა, არასამუშაო საათებში რეკავდა და ვერ დაგვიკავშირდა.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, შვილოო, თვალი არ მომიხუჭავს და როგორც კი გათენდა, შვილიშვილებს გამოვეპარე და პირველივე „მარშუტკას“ გამოვყევიო. 85 წლის ვარ და ამ ასაკში სამშობლოს ღალატი ხომ არ ჩავიდინე და აფხაზეთი და ოსეთი ხომ არ ვაღიარეო. ვიპოვე მისი შევსებული კითხვარი, წავუკითხე და ვაჩვენე, რომ პირიქით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება შემოხაზა. შვებით ამოისუნთქა.
ბებოს საიას მომსახურებით ადრეც უსარგებლია, საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული იყო და საია დაეხმარა კომპენსაციის აღებაში. 16 წლის იყო, ოჯახთან ერთად რომ გადაასახლეს ყაზახეთში. ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იყო პატიმრობაში. ეს რა სიცხეა იმასთან შედარებით, ჩვენ რომ სიცხეში ბამბას გვაკრეფინებდნენ და თან არაადამიანურად გვეპყრობოდნენო. მათრახის დარტყმის გამო მხარი დამიზიანდაო. ჭაბუაზე მოგვიყვა, მძიმე ხასიათის კაცი იყო, იშვიათად თუ გაიცინებდაო. ბევრ წიგნებს უგზავნიდნენ, დაგვსვამდა ბავშვებს და გვიკითხავდა, მისი ნაჩუქარი წიგნებიც ბევრი მაქვს სახლშიო. ჭაბუა სულ იმას გვეუბნებოდა, საქართველო გიყვარდეთო, ხოდა ამ ასაკში როგორ ვუღალატებდი ჩემს ქვეყანასო. ჭაბუა რომ გარდაიცვალა, ძალიან მინდოდა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ სიბერის გამო ვერ მოვახერხეო. ახლაც მეგონა, ვერ შევძლებდი ჩამოსვლას, მაგრამ ვერ მოვისვენე და მაინც გამოვიპარეო.
დაურეკა შვილიშვილებს, არ მეძებოთ, თბილისში ვარო. ცოტა დაისვენა და შემდეგ გავაცილეთ. ჩვენი „სენსიტიური“ თანამშრომელი 15 წუთში ერთხელ ურეკავდა, მიხვედი ბებო სახლშიო.
მას შემდეგ გაოცებული ვარ ამ ადამიანის პასუხისმგებლობის შეგრძნებით, საკუთარი სიტყვების, ქმედებისა და ასევე ქვეყნის მიმართ.
პ.ს. კონტრასტისთვის შემეძლო, დამეწერა ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი ქმედებების/განცხადებების შესახებ, მაგრამ ამ ისტორიასთან ერთად არა.. მერე, სხვა დროს
.
გიორგი ტაბატაძე საიას იურისტი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge