გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი:
· ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ივლისის თვეში, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, სტატუსის მინიჭების დღიდან შენობაზე გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა სტანდარტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული;
· „გაზეთი ბათუმელების“ ინფორმაციის თანახმად, შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან ხუთი თვის განმავლობაში - სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და 2015 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა;
· 2015 წლის ნოემბერში, შენობის მესაკუთრე შპს „სლავა”-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე პროკურატურას ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ უწარმოებია და არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
· მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია „სლავა“-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განაახლა, თუმცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ მომხდარა უკანონო საქმიანობის აღკვეთა.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:
· დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს შპს „სლავას“ მიერ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას წარმოებული უკანონო სამშენებლო სამუშაოები;
· ყველა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), დროულად უნდა უზრუნველყონ უკანონო სამუშაოების აღკვეთა;
· საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ - შპს „სლავა“-ს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტზე, უზრუნველყონ კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურება;
· საქართველოს პროკურატურამ დროულად და ეფექტურად აწარმოოს გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე და მოხდეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge