ბათუმის უნივერსიტეტმა დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით დადგენილება მიიღო

2020 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ,,იდენტობას“ მიმართ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ განახორციელეს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია. ,,იდენტობას“ ინტერესებს საია იცავდა. 

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, რათა შეემუშავებინათ დისკრიმინაციის აკრძალვის და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და მომავალი საქმიანობა წარემართათ თანასწორობის პრინციპის დაცვით. 

რეკომენდაციის მიღების შემდგომ, გვეცნობა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეკომენდაციის შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად:

- უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს მიეცათ რეკომენდაცია, იმოქმედონ კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, რათა გამოირიცხოს მათი თანამშრომლების ქმედების (ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია) გარეშე პირების მიერ განსხვავებულ (დისკრიმინაციულ) მოპყრობად აღქმა;

- უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ წარადგინონ წინადადებები/მოსაზრებები უნივერსიტეტში დისკრიმინაციის შესაძლო საფრთხეებისა და რისკების შეფასების, მათი აღკვეთისა და პრევენციის შესახებ;

- დაიგეგმა ცვლილებების შეტანა უნივერსიტეტში ღონისძიების გამართვის მარეგულირებელ წესში. 

რაც შეეხება აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას,  მისმა საბჭომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მიიღო ცნობად. მათივე განმარტებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულ საკითხებს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექცია გაითვალიწინებს შემდგომ მუშაობაში. 

საია გააგრძელებს მონიტორინგს, თუ როგორ მოხდება აღნიშნული დაწესებულებების მიერ დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით დაგეგმილი აქტივობების აღსრულება. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ საქმეს  USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge