2021 წლის 7 ივლისს 10:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლო იწყებს „ბათუმი რივიერას“ საქმის განხილვას.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.
საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია და მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.
საქმის მნიშვნელობის მიუხედავად, განმხილველმა მოსამართლემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ პროცესი წელიწად-ნახევრის შემდგომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდგომ ჩანიშნა.
ა(ა)იპ „ბათომის“ ინტერესებს სასამართლოში საია წარმოადგენს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge