,,ბათუმი რივიერას“ საქმის განხილვა დღეს გაიმართება

დღეს, 2020 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ღია სხდომაზე დაგეგმილია „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი განხილვა. საჩივარი ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია ,,ბათომმა“ წარადგინეს და მათ ინტერესებს საია იცავს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამ საკითხზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერის“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რაც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge