ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის
ბოლო წლებში გამართული არაერთი აქცია შემიძლია გავიხსენო, რომლის მონაწილეებიც პოლიციამ ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვის და შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით დააკავა. თუმცა ახლა ბოლო შემთხვევაზე, 2013 წლის 1 მაისის მანიფესტაციაზე გიამბობთ, როდესაც კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა _ როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ ბალანსი მანიფესტაციისა და გადაადგილების თავისუფლებებს შორის.
დავიწყებ თავიდან. 2013 წლის პირველ მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს, სტუდენტების ორგანიზებით მიმდინარეობდა მანიფესტაცია, რომლის მიზანი შრომის და მასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელოვნებაზე ხაზგასმა იყო. მანიფესტაცია დაახლოებით 400-მდე მონაწილეს აერთიანებდა და ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მას შემდგომ, რაც მანიფესტაციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, მის დასრულებამდე 8-10 წუთით ადრე, პოლიციამ დაიწყო მანიფესტაციის მონაწილეების დაკავება. ოფიციალური ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებას დაექვემდებარა მანიფესტაციის 37 მონაწილე. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა მანიფესტაციის თითქმის ყველა ორგანიზატორი.
დაკავებიდან რამოდენიმე საათში პოლიციამ მანიფესტანტები გაათავისუფლა და იქვე განაცხადა, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობდა და მანიფესტაციის დაკავებულ და შემდგომ გათავისუფლებულ მონაწილეებს სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევდათ. მართლაც, მანიფესტაციის 37-ვე მონაწილის საქმე განიხილა სასამართლომ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადმინისტრაციული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა მანიფესტაციის 6 მონაწილეს, 100 ლარის ოდენობით _ 9 მონაწილეს, სასამართლომ მანიფესტაციის 18 მონაწილე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით, ხოლო 4 პირის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
ვფიქრობ, საინტერესო იქნება რამდენიმე სიტყვა ვთქვათ იმაზეც, თუ როგორ წარიმართა სასამართლო პროცესები, რადგან მსგავსი ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად გამხდარა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი. დადებითად შეიძება შევაფასოთ ის, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, მსგავსი ტიპის საქმეებზე ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 4 პირის მიმართ სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მოტივით წარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა ეს მაინც ერთ პოზიტიურ გამონაკლისად შეგვიძლია შევაფასოთ და არა ზოგადად, მსგავსი ტიპის საქმეებზე პრაქტიკის შეცვლად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ სხვა პირებთან მიმართებით სასამართლომ კვლავაც გაიმეორა ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი. სასამართლომ კვლავაც განმარტა, რომ ,,პოლიციის მოხელეს გააჩნია შესაბამისი უნარ-ჩვევები, რათა ადეკვატურად შეაფასოს მოვლენა. მისი ახსნა-განმარტება თვით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის შექმნილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი.“ შესაბამისად, არაერთ შემთხვევაში სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება კვლავაც მხოლოდ პოლიციის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დააყრდნო. ვფიქრობ, ამ მიდგომით ჩნდება განცდა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.
რაც შეეხება მანიფესტაციის მონაწილეების დაკავების საფუძვლებს, დაკავების ოქმებში პოლიცია მიუთითებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლებზე. პოლიციის მითითებით წვრილმანი ხულიგნობა ვლინდებოდა მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვასა და ლანძღვა-გინებაში, რითაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ხოლო ბოროტი დაუმორჩილებლობა გამოიხატებოდა ასეთი ქმედების შეწყვეტისაკენ პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობაში. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის მუხლებია, რომლის საფუძველზეც ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა მშვიდობიანი აქციისა თუ მანიფესტაციის მონაწილეთა დაკავება და მათ მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ხდებოდა. მსგავსი ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კი ხშირად გამხდარა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის ნაწილობრივი შეფერხება (რომელიც დაახლოებით 10 წუთით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო), იყო თუ არა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მანიფესტაციის უფლების რეალიზებაში ჩარევა მომხდარიყო?
ცხადია, ნებისმიერი აქციის ან მანიფესტაციის გამართვა თავისთავად გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულწილად დარღვევას. მხოლოდ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის მოტივით მანიფესტაციის აკრძალვა არ შეიძლება მანიფესტაციის უფლების შეზღუდვისათვის საკმარის საფუძვლად მივიჩნიოთ. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრების უფლება სხვა უფლების დაცვის ხარჯზე ექვემდებარება შეზრუდვას, ეს შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს სხვა თანასწორი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შეკრების თავისუფლებაში ჩარევა მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშია გამართლებული.
ვფიქრობ, რომ პირველს მაისის მანიფესტაციისას ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხანმოკლე და ნაწილობრივი შეფერხება, არ იყო საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პოლიციას მანიფესტაციის მონაწილეთა მასობრივი დაკავება განეხორციელებინა. შეკრების უფლების რეალიზებას ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული.
ნონა ქურდოვანიძე
პროექტის კოორდინატორი
პროექტი - ,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge