აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი ყოფილი წევრის ინტერესებს საია საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს

2023 წლის 1 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა საიას კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავოდ არის ქცეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 3 ივლისს შეტანილი ცვლილებები (საკანონმდებლო ცვლილება გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2023 წლის 21 ივლისს). ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2021 წლის 21 ივლისიდან გაუქმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პრიორიტეტების განსაზღვრა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის დანიშვნა, გადაეცა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მათ შორის ორ მოსარჩელეს გიგა ჩხარტიშვილს და გია ქარცივაძეს.

საკანონმდებლო ცვლილებამდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებს ირჩევდა აჭარის უმაღლესი საბჭო. მრჩევლების კანდიდატების დასახელების უფლება ჰქონდათ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ფრაქციებს, მაგალითად, მოსარჩელე გიგა ჩხარტიშვილი მრჩევლის პოზიციაზე დასახელებული იქნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ 2018 წელს, ხოლო გია ქარცივაძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2020 წელს. მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პრიორიტეტებს განსაზღვრავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. ამჟამად, ამ ფუნქციას ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომლის წევრებსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, ნაკლები ცოდნა გააჩნიათ აჭარის მოსახლეობის სპეციფიკურ საგანმანათლებლო, კულტურულ, თუნდაც საინფორმაციო საჭიროებებთან დაკავშირებით, ვიდრე მრჩევლებს, რომლებიც ლეგიტიმაციას იღებენ აჭარის მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული უმაღლესი საბჭოსაგან. რეალურად, ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებლებმა დაკარგეს იმ ტელევიზიის მაუწყებლობის პრიორიტეტებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელიც მათი ინტერესების დასაცავად არის შექმნილი.

მრჩეველთა საბჭო ახორციელებდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას. მრჩეველთა საბჭოს უზრუნველყოფდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მრჩევლების დამოუკიდებლობა - შეუფერხებლად განეხორციელებინათ მათი უფლებამოსილება - იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობის გარანტია. მოსარჩელე გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა 2018 წელს, უფლებამოსილება ეწურებოდა 2024 წელს, ხოლო გია ქარცივაძეს, რომელიც მრჩეველთა საბჭოს წევრად დაინიშნა 2020 წელს, უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა 2026 წელს. სადავო ნორმებით მოსარჩელეებს უფლებამოსილება შეუწყდათ ვადაზე ადრე, რითაც საფრთხის წინაშე დადგა იმავდროულად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობაც.

საიას მიაჩნია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა არ შეესაბამება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს, რაც იცავს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან. იმავდროულად,

მრჩევლებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილებას (https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1081). ამის გამო, საია სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს გამარტივებული წესით, განმაწესრიგებელ სხდომაზე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge