აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში საიას მიერ გავრცელებულ ფაქტებს დაეყრდნო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, ინფორმაციის წყაროდ არაერთ საკითხთან მიმართებით მითითებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საია მოხარულია, რომ მის მიერ 2010 წლის განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციამ და მონაცემებმა ასახვა ჰპოვა ასეთ მნიშვნელოვან და კომპეტენტურ დოკუმენტში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიშები და ნებისმიერი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობის განმარტებას და სანდო/ოფიციალური დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, რაც, ვფიქრობთ, გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ აღნიშნული მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში მოხვედრილიყო.

ხსენებულ ანგარიშში საია ინფორმაციის წყაროდ მოშველიებულ იქნა შემდეგ საკითხებთან მიმართებით:

1.      შეკრებების და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები;

2.      სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხები (მოყვანილია საიას ანგარიში „მართლმსაჯულება საქართველოში“);

3.      საკუთრების უფლების დაცვისაკითხები;

4.      გამოხატვის თავისუფლება - მედიასთან დაკავშირებული პრობლემები;

5.      სხვადასხვა საქმის გამოძიება, კერძოდ, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მესტიაში განვითარებული მოვლენები; ნელი ნავერიანის დაკავების და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტი (ამ თემაზე გაკეთებული განცხადება);

6.      საია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასული აბსურდული სიუჟეტი საიას წინააღმდეგ.  საიას საპასუხო განცხადება;

7.      ოჯახური ძალადობის კუთხით არსებული პრობლემები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოხარულია იმის გამო, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია და იდენტიფიცირებული პრობლემები აისახა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ მიერ გავრცელებული კომპეტენტური ინფორმაცია მომავალშიც დაიმსახურებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღებას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge