2022 წლის 12 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.[1] მასში მიმოხილულია ქვეყნები, რომლებიც აშშ-ისგან დახმარებას იღებენ, ასევე გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. დოკუმენტში, ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებით გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, არჩევითი დაკავებები, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამართლებრივი დევნა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შემთხვევები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევა, და ძალადობრივი ან მუქარით ჩადენილი დანაშაულები LGBT+ პირების მიმართ.
მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესების მიმოხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ერთ-ერთ ძირითად წყაროს საია-ს მონიტორინგის შედეგები და მოსაზრებები წარმოადგენს.[2] გარდა ამისა, არაერთხელაა ციტირებული ორგანიზაციის შეფასებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მოყვანილია მის მიერ წარმოებული კონკრეტული საქმეები.[3]
ანგარიშში განხილულია 2021 წელს მოსამართლეთა დანიშვნების, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების შემდეგ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა, მოსამართლეთა დაწინაურებისა და სასამართლოებში როტაციის, საქმეთა გადანაწილების პრობლემური პრაქტიკა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - „კლანის“ ძალაუფლება და გავლენები. საბოლოოდ, ანგარიშის მიხედვით, შეინიშნება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის შემთხვევები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისას მოსამართლეთა მოწყვლადობა, როგორც სასამართლოს შიგნით, ასევე მის გარეთ არსებული პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.[4]
გარდა ამისა, მიმოხილულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დისტანციური სამართალწარმოებისას. ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით გამოწვევები იყო: სასამართლოს მხრიდან დისტანციური სამართალწარმოების გამოყენების არათანმიმდევრული პრაქტიკა, პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები, ვიდეო კონფერენციების დროს ხმის და გამოსახულების გადაცემის დაბალი ხარისხი, სათანადოდ აღჭურვილი სასამართლო დარბაზების არასაკმარისი რაოდენობა და ვიდეო ოთახების მცირე რაოდენობა დაკავების იზოლატორში.[5]
საია მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.[6] შედეგებზე დაყრდნობით, ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას სასამართლოში „კლანის“ გავლენების შესახებ[7] და ადვოკატირებდა მართლმსაჯულების იმგვარი რეფორმების განხორციელებას, რომელიც არსებითად შეცვლიდა ძალაუფლების არსებულ ბალანსს და რეალურად შეუწყობდა ხელს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდას.[8] ამასთან, ორგანიზაცია პანდემიის პერიოდში აქტიურად აკვირდებოდა დისტანციურად მიმდინარე პროცესებს, მიგნებებს ასახავდა მონიტორინგის წლიურ, ასევე სპეციალურ ანგარიშებში და ადვოკატირებდა გამოწვევების გამოსწორების მიმართულებით შესაბამის უწყებებთან.[9]
გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია LGBT+ თემის უფლებების მასშტაბურ შეზღუდვაზე, რაც განსაკუთებით გამოიხატა მათი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით 5-6 ივლისის მოვლენების დროს. მკაფიოდ არის ნახსენები, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ დაიცვეს პირთა შეკრების თავისუფლება და არ დაიწყეს გამოიძიება ძალადობის ორგანიზატორების მიმართ.[10] საია აქტიურად იყო ჩართული 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლაში, მუდმივად მოუწოდებდა სახელმწიფოს LGBT+ წევრების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ, აგრეთვე, ძალადობის ჩამდენი და ორგანიზატორი პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ.[11]
ადამიანის უფლებების სხვა მრავალ საკითხთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შეფასებულია ქალთა უფლებრივი მდგომარეობა. სექსუალურ და ოჯახში ძალადობასთან მიმართებით, დოკუმენტი ასევე ეყრდნობა საიას შეფასებებს.[12] სექსუალური ძალადობასთან დაკავშირებით, ანგარიში მიუთითებს სექსუალური ძალადობის საქმეებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არაეფექტიან საქმეთა წარმოებისა და მტკიცებულებების მოპოვების არაეფექტიანობაზე. ასევე აღნიშნავს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ კანონმდებლობა ბოლომდე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.[13]
საია ასევე წლებია აქტიურად მუშაობს და ადვოკატირებს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ორგანიზაცია სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევების დროს მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას, ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას.[14]
[1] U.S. Department of State, “2021 Country Reports on Human Rights Practices, Georgia”, 2022, გვ. 48. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jzFNQG განახლებულია: 14.04.2022.
[2] იქვე, გვ. 17-24.
[3] იქვე, გვ. 6, 13, 20, 21, 22, 25, 26, 27, 29, 34, 60, 62.
[4] იქვე, გვ. 17.
[5] იქვე. გვ 25.
[6] ნოზაძე ნ., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #9 ანგარიში“, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3OdA4hO განახლებულია: 14.04.2021.
[7] ვერძეული ს., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში, 2013-2021 წლები“, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rmSBOY განახლებულია: 14.04.2022.
[8] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაცია, [Facebook-გვერდი], 16.12.2021, „ქართული მართლმსაჯულების რეფორმა - გაშვებული შესაძლებლობა“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3JLlomu განახლებულია: 14.04.2022; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, [Facebook-გვერდი], „სასამართლო რეფორმის ახალი პერსპექტივა“, 21.06.2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3roZKhw განახლებულია: 14.04.2022.
[9] ბოჭორიშვილი თ., ჩაფიჩაძე ფ., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში“, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jAtgwu განახლებულია: 14.04.2022; ბოჭორიშვილი თ., ჩაფიჩაძე ფ., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სასამართლო პანდემიის დროს სპეციალური ანგარიში“, 2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3uDmSuP, განახლებულია: 14.04.2022.
[10] U.S. Department of State, “2021 Country Reports on Human Rights Practices, Georgia”, 2022, გვ. 48. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jzFNQG, განახლებულია: 14.04.2022.
[11] სვიმონიშვილი მ. და სხვები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგია და სამართლებრივი შეფასება“, 2021, 13-21, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lRIqyX, განახლებულია: 14.04.2022.
[12] U.S. Department of State, “2021 Country Reports on Human Rights Practices, Georgia”, 2022, გვ. 60, 62. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jzFNQG განახლებულია: 14.04.2022.
[13] იქვე, გვ. 60.
[14] საკანელაშვილი გ., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „თანასწორობა ჩვენი უფლებაა და უნდა იყოს ჩვენი მომავალი - ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jCwS0X,განახლებულია: 14.04.2021.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge