არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგები

წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის გარდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც განახორციელა. ორგანიზაციის დამკვირვებლები საჩივრების განხილვას როგორც ზემდგომ საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოებში აკვირდებოდნენ.

საიას დამკვირვებლებმა 8 ოქტომბრის არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის დაკვირვება 61 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და 37 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 30 ოქტომბრის მეორე ტურების შემდგომი პერიოდის დაკვირვება - 47 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და 24 საოლქო საარჩევნო კომისიაში განახორციელეს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართეს.

პირველი ტურის დროს, საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილ იქნა საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 443 ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელები 39 დარღვევასთან დაკავშირებით და მეორე ინსტანციის სასამართლოში - სააპელაციო საჩივრები 27 დარღვევასთან დაკავშირებით.

მეორე ტურის დროს, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნა საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 79 ფაქტთან დაკავშირებით, 3 სარჩელი პირველი ინსტანციის და 3 სააპელაციო საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში.

საარჩევნო დავების განხილვისას გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტებისა და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია. როგორც საარჩევნო კომისიები, ასევე სასამართლოები საარჩევნო კანონმდებლობის ჩანაწერებს ძალიან ვიწროდ განმარტავდნენ, რაც ფაქტობრივად, მათთან წარდგენილი საჩივრების დაუკმაყოფილებლად დატოვების საფუძველი ხდებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არა საქმეზე კანონიერების/მართლმსაჯულების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.  მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა, ზემდგომი საარჩევნო კომისიები მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უფარდებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს და  არ ახდენდნენ საჩივარში დაყენებული სხვა კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, საარჩევნო კანონმდებლობის ჩანაწერების ბუნდოვანება და ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათი, რაც მისი განმარტებისას ორმაგი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლეოდა და არაერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების რისკებს ქმნიდა.

ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების  წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა-დახვეწას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მნიშვნელოვანია სისტემური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის კუთხით რეფორმის განხორციელება.[1] ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან და საარჩევნო დავების სპეციფიკურობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მოსამართლეთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მოსამართლეთა გადამზადებისათვის ერთიანი მოდულის შემუშავება და მათი სპეციალიზაცია საარჩევნო დავების მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ მონიტორინგის შედეგების ვრცელი ვერსია

 

 

 

 

 


[1] რაც შერეული წესით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებიდან (ნაწილი პროფესიული ნიშნით და ნაწილი პარტიების მიერ დანიშნული) პროფესიული წესით საარჩევნო კომისიებით დაკომპლექტებას  გულისხმობს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge