არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მისი თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც  ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება. მისი თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება. ასევე წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ  სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს.

ამ დროისთვის, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია, განისაზღვროს რამდენად მასშტაბურია ეს გეგმა.
ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

აუცილებელია, რომ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge