არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეს-კონფერენციაზე, 2012 წლის 4 სექტემბერს მიმოიხილეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ საქართველოს მასშტაბით რომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობით დარღვევები, ასევე თუ რა კატეგორიის დარღვევები ჭარბობს დღეის მდგომარეობით.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალზე უკვე 301 ინციდენტის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული, მათ შორის ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები - სულ 198 ინციდენტი; ასევე, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.
რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება (62 ფაქტი), ასევე დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (27) რეგიონებში.
თბილისში ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება: გორში - 26 ინციდენტი; გურჯაანში - 15; დედოფლისწყაროში - 13; ლანჩხუთში - 11; ქუთაისში - 11; კასპში - 10; ოზურგეთში - 10; ლაგოდეხში - 9; ზუგდიდში - 9; საჩხერეში - 9.
პორტალზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის გარდა დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ გაგზავნილი ინციდენტებიც. სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევების შესახებ პორტალზე ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასო SMS ნომერზე 2500. როგორც პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, პორტალის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით „სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და რეგიონულ ტელევიზიებში სარეკლამო კამპანიას გეგმავს.
არჩევნების პორტალზე დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ფეისბუქის (www.facebook.com/ElectionsPortal) და ტვიტერის (www.twitter.com/ElectionsPortal) მეშვეობით. პორტალიდან ასევე შესაძლებელია ცალკეული ინციდენტების სოციალურ ქსელებზე გაზიარება.
არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივ ინიციატივას. მისი მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ სავარაუდო დარღვევების შესახებ სამი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის ინციდენტების რუკაზე ასახვა. საარჩევნო პერიოდის ინციდენტების გარდა პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია გასული არჩევნების შედეგებისა და ამომრჩეველთა სიების შესახებ. არჩევნების პორტალის მისამართია www.electionsportal.ge და მის ადმინისტრირებას ახდენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“
პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და ფინანსდება საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროგრამის (G-PAC) მიერ. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ.“
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge