არჩეული მოსამართლეებისგან მომდინარე საფრთხე
„if the State has a problem with judicial impartiality, it is largely one the State,
brought upon itself by continuing the practice of popularly electing judges.“[1]
Sandra Day O’Connor, Former Justice, U.S. Supreme Court
სანამ მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერს, COVID-19 უკანა პლანზე გადასწევდა, ბევრს საუბრობდნენ თანამდებობაზე მოსამართლის განწესების მოქმედი რეგულაციის შეცვლის მიზანშეწონილობასა და უშუალოდ ხალხის მიერ მათ არჩევაზე. თანამედროვე სამართლებრივი სისტემები მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის სხვადასხვა ალტერნატივას გვთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი არჩევის წესიც, თუმცა, რამდენად გონივრულია მისი იმპლემენტირება ქართულ მართლმსაჯულებაში? დასაწყისშივე ვიტყვი, რომ საეჭვოა, ეს მოდელი დადებითად აისახოს ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე. სავარაუდოდ, ის საფრთხეს შეუქმნის მოსამართლეების დამოუკიდებლობას.
ზოგადი კლასიფიკაციის მიხედვით, მოსამართლის არჩევნები შეიძლება იყოს პარტიული[2] (Partisan election) და არაპარტიული[3] (Nonpartisan election).[4] პირველ შემთხვევაში კანდიდატებს წარადგენენ პარტიები და ეს გაუმართლებლად ზრდის პოლიტიკურ გავლენებს სასამართლოში. საქართველოში, სასამართლოსადმი კრიტიკულად დაბალი ნდობის პირობებში,[5] პოლიტიკურ გუნდთან მოსამართლის გაიგივება უდავოდ ნეგატიურად იმოქმედებს ხელისუფლების ამ შტოზე. „მოსამართლეები არ არიან პოლიტიკოსები, მაშინაც კი, როდესაც ისინი თანამდებობაზე კენჭისყრით ხვდებიან,“[6] თუმცა, პოლიტიკოსების მხრიდან თავიანთი სიით არჩეულ კანდიდატზე წნეხი გაცილებით ძლიერია და, სავარაუდოდ, ეს უკანასკნელიც ანგარიშვალდებულებას ხალხზე მეტად პარტიის წინაშე გრძნობს.
რაც შეეხება არაპარტიულ არჩევნებს, იგი პირველად ილინოისში ჩატარდა და შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა,[7] თუმცა, კითხვები აქაც რჩება. თუ კამპანიაში არ მონაწილეობენ პოლიტიკური აქტორები, როგორ ფინანსდება იგი? აქ ერთვებიან კერძო პირები/კომპანიები, მათ შორის, იურიდიული ფირმები. რთული დასაჯერებელია, რომ მოსამართლე არ იქნება ლოიალური იმის მიმართ, ვინც რამე ფორმით დაეხმარა მას გამარჯვებაში. ისიც ძნელად წარმოსადგენია, ვინმემ ინტერესის გარეშე გაიღოს კონტრიბუცია საარჩევნო მარათონისთვის. ხოლო „ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს [სასამართლოს არჩევნებში], აქვს ძალიან კონკრეტული ინტერესი.”[8] კვლევამ აჩვენა, რომ არჩეული მოსამართლეები უფრო ხშირად წყვეტდნენ დავებს ბიზნესის სასარგებლოდ, სამაგიეროდ, შემდგომ, წინასაარჩევნოდ, მათი კონტრიბუცია იზრდებოდა.[9]
მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებრივი აზრის გავლენაც. თუ მოსამართლეები ამომრჩევლებზე იქნებიან დამოკიდებულნი, ისინი შეეცდებიან, კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოებაში მოწონებას დაიმსახურებს. პოპულარული კი აუცილებლად სამართლიანს არ ნიშნავს. 2010 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასჯელები, რომლებსაც მოსამართლეები თავიანთი უფლებამოსილების ვადის ბოლოს იყენებდნენ, იყო 10 პროცენტით უფრო ხანგრძლივი, ვიდრე დასაწყისში.[10] მიზეზი ცალსახაა – კვლავაც სურდათ თანამდებობაზე არჩევა. ეს რისკი ნაწილობრივ დაიზღვევა, თუ პირს მხოლოდ ერთხელ ექნება კენჭისყრის უფლება, თუმცა, არაგონივრულია, ყოველ ხუთ ან, თუნდაც, ათ წელში სრულად შეიცვალოს სასამართლოს შემადგენლობა. ხოლო თუ ისინი თანამდებობაზე უვადოდ აირჩევიან, აზრი დაეკარგება არჩევნების მთავარ უპირატესობას – ცვლილებების შესაძლებლობას.
მოსამართლეთა არჩევნების თანამედროვე ტრადიცია საფუძველს აშშ-დან იღებს. 1832 წელს მისისიპი გახდა პირველი შტატი, რომელმაც ეს სისტემა გამოიყენა.[11] რეფორმას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, რწმენა იმისა, რომ მოსამართლეები პასუხისმგებელნი უნდა ყოფილიყვნენ ადგილობრივ დონეზე, თავიანთი თემის წინაშე და მეორე მხრივ – პრეზიდენტ ჯექსონის[12] იდეალები, რომლებიც „უბრალო ადამიანის“ ხმის (common man’s voice) მნიშვნელობას ეყრდნობა.[13] მიუხედავად ტრადიციისა, ამჟამად ამერიკაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია არა არჩევის, არამედ დანიშვნის გზით (assisted appointment) მოსამართლეთა განწესება.[14] დღეს იქაც საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ ამ სისტემას უკვე აღარ აქვს მომავალი.[15] მოსამართლეთა არჩევის წესი არც ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს.[16]
საქართველოში საერთო სასამართლოების სისტემა რომ ჭაობშია, ეს ცალსახაა და ამ ჭაობს თავი რომ უნდა დავაღწიოთ – ესეც. თუმცა, ჭაობიდან ამოსვლას თავისი წესები აქვს. არასწორმა მოძრაობებმა/რეფორმებმა შეიძლება მეტად ჩაგვძიროს. ვფიქრობ, ამ მოცემულობაში, მოსამართლეთა არჩევის გზით თანამდებობაზე დანიშვნა სწორედ ასეთი მიზანშეუწონელი სვლა იქნება.
თამარ ხუხია საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
[1] „თუ სასამართლო არ არის მიუკერძოებელი, ამის ძირითადი მიზეზი სახელმწიფოა, რადგან ის აგრძელებს მოსამართლეთა არჩევის უწყვეტ პრაქტიკას“ - სანდრა დეი ო’კონორი, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
[2] პარტიული არჩევნები (ძირითად შემთხვევაში) ტარდება შემდეგ შტატებში: ალაბამა; ილინოისი; ლუიზიანა; ჩრდილოეთ კაროლინა; პენსილვანია; ტეხასი; ნიუ მეხიკო. „Partisan election of judges“, Ballotpedia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2KG4vNX, განახლებულია: 15/04/20.
[3] იქვე, არაპარტიული არჩევნები (ძირითად შემთხვევაში) ტარდება შემდეგ შტატებში: ვისკონსინი; დასავლეთ ვირჯინია; ვაშინგტონი; ორეგონი; ოჰაიო; ჩრდილოეთ დაკოტა; ნევადა; მონტანა; მისისიპი; მინესოტა; მიჩიგანი; კენტუკი; აიდაჰო; ჯორჯია; არკანზასი.
[4] აგრეთვე, არსებობს ე.წ. „Legislative elections“. ეს მოდელი მოქმედებს ორ შტატში - სამხრეთ კაროლინასა და ვირჯინიაში, თუმცა, წინამდებარე ტექსტის მიზნებისთვის განხილულია მხოლოდ ის სისტემები, რომლებშიც უშუალოდ ხალხი ირჩევს მოსამართლეს.
[5] საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, „გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო უნდა დატოვონ“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2KBT7Tg, განახლებულია: 16/03/20.
[6] „Judges are not politicians, even when they come to the bench by way of the ballot.” John Roberts, Chief Justice.
[7]„Judicial selection in the states“, Ballotpedia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YbX9K5, განახლებულია: 15/04/2020.
[8] „Everyone interested in contributing [in a judicial election] has very specific interests. They mean to be buying a vote.“ Ohio Supreme Court Senior Associate Justice Paul Pfeifer.
[9] Ryals M., „Should judges be elected by the public? Let's break it down“, Inlander, Oct 6, 2016, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2RZg3zU, განახლებულია: 16/03/19.
[10] იქვე.
[11] „Judicial selection in the states“, Ballotpedia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YbX9K5, განახლებულია: 15/04/2020.
[12] იქვე.
[13] ენდრიუ ჯექსონი, ამერიკის მე-17 პრეზიდენტი (1829-1837).
[14] „Judicial selection in the states“, Ballotpedia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2YbX9K5, განახლებულია: 15/04/2020.
[15]„The age-old question: Should judges be appointed or elected? Here’s what you said,“ The National Judicial College (NJC), June 15, 2017, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3aLuzlg, განახლებულია: 16/03/20.
[16] ინფორმაცია ეყრდნობა EU-ს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებს. ქვეყნების ჩამონათვალი და სამართლებრივი სისტემის მცირე მიმოხილვა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3eWFoo7, განახლებულია: 15/04/20.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge