არასამთავროები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს:

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლებული არჩევნები საქართველოს შიგნით და მის გარეთ კიდევ ერთ ტესტად აღიქმება იმისა, თუ რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრებისთვის წარსადგენ კომიისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით შეარჩევდა, პოზიტიურად შეფასდა, მაგრამ იმ 27 ორგანიზაციას , რომლებმაც საერთო კანდიდატი შემოგთავაზეთ, თქვენს მიერ საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გვაქვს, კერძოდ: 
     
1.    რატომ გადაწყვიტეთ შეგერჩიათ ის კანდიდატები, რომლებიც თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყვნენ დასახელებულები და გამოგერიცხათ კანდიდატი, რომელსაც 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი? შეგახსენებთ, რომ ამ 27 არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის არიან ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესის სამართლიანობის ხელშეწყობაა.
2.    თქვენმა პრეს-სპიკერმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული კანდიდატების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, მაგრამ ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება, თუ რა მხრივ იყო არასაკმარისი ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატს განათლება და საარჩევნო გამოცდილება, განსაკუთრებით, არჩევნებთან მიმართებაში და თქვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედარებით.
3.    რატომ შეარჩიეთ ერთ-ერთ კანდიდატად ბატონი ლევან თარხნიშვილი, რომლის გადაყენებაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, როცა 2009 წლის 20 ივლისის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ფართო შეთანხმების საფუძველზე შეირჩეოდა?

გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრებები ამ კითხვებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამ საკითხების გარკვევა დადებითად იმოქმედებს მომავალი არჩევნების მიმართ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებაზე.
წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.
თამარ ქაროსანიძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

თამარ ხიდაშელი _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

არნოლდ სტეფანიანი _ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge