არასამთავრობოები ვიცე-პრეზიდენტ პენსს წერილით მიმართავენ

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს მისი საქართველოში ვიზიტის წინ ღია წერილით მიმართავენ. ორგანიზაციები წერილში საქართველოს მიღწევებზე, ასევე ქვეყნის წინაშე დემოკრატიისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. წერილის ავტორები ხაზს უსვამენ აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე თანადგომის მნიშვნელობას და ვიცე პრეზიდენტს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, უსაფრთხოების, რუსული ოკუპაციის საფრთხეებთან გამკლავების, და ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას სთხოვენ.

პატივცემულო ვიცე-პრეზიდენტო, ბატონო პენს,
 

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

პირველ რიგში გვსურს მადლიერება გამოვცხატოთ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მისი მუდმივი თანადგომისათვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ეს მხარდაჭერა ჭეშმარიტად სტრატეგიულ პარტნიორობად გადაიქცა, რომლის კომპლექსური დღის წესრიგი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ადამიანებს შორის ურთიერთობები. ამ ძალისხმევის წყალობით შევძელით, გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ერთგული მოკავშირეები, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში და განგვევითარებინა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უახლოესი და სანდო პარტნიორია, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავაც რჩება ქართველი ხალხისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ძალზე ქმედით პარტნიორად.

საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის სამიზნედ იქცა. ჰიბრიდული საშუალებებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოყენებით თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი მუდმივად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციითა და მცოცავი ანექსიით, უკანონო სამხედრო კონტინგენტის არსებობითა თუ სხვა იძულებითი ღონისძიებებით.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყნის მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების მხრივ. ამ პროგრესმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და დაეხმარა საქართველოს, გამოემუშავებინა მედეგობა რუსეთის ზეწოლის მიმართ.

ამასთან ერთად გვსურს, გამოვკვეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს. ქართული დემოკრატიის ეს კონკრეტული ნაკლოვანებები ზემოქმედებას ახდენს როგორც ჩვენს განვითარებაზე, ისე უსაფრთხოებაზე.

ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ისეთ სადავო საკითხებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, რეფორმამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლა. ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნება" ენერგიულად ესწრაფოდა იმგვარი მექანიზმების შემოღებას, რომლებიც გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტიას, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების შემდგომი კონცენტრაციის საგანგაშო ნიშანია. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ პროცესმა შეიძლება, შელახოს კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, გამოიწვიოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოების შემდგომი პოლარიზება და, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესების პარალიზებამდეც მიგვიყვანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით და ამით გამოხატოს მზადყოფნა პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებისათვის არსებითი ცვლილების განსახორციელებლად.

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად გვსურს, განსაკუთრებული შეშფოთება გამოვხატოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად რეფორმების სამი ტალღისა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებისა 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ უმეტესწილად ვერ შეძლო ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება. შედეგად, სასამართლო კვლავაც ექვემდებარება არასათანადო გავლენის როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს შიგნითვე არსებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულებას ჰპოვებს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დავალებით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, სასამართლოსადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა ან არ გაუმჯობესებულა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ამ წერილში, არის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობა და ანგარიშვალდებულების არარსებობა. სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო და სამოქალაქო, ან სასამართლო კონტროლი. ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძალაუფლების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, ნარკოტიკების ჩადებისა და ა. შ. ბრალდებები) შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოყვება შედეგიანი და ობიექტური გამოძიება. ამ პრობლემების უახლესი და ყველაზე სერიოზული მაგალითებია აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტის აფგან მუხტარლის გატაცებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტების გამოუძიებლობა.

მედია გარემოს გაუარესება და პლურალიზმის შემცირების მცდელობები კიდევ ერთი ტენდენციაა, რომელზეც გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ. საქართველოში მედიის სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს საქართველოში. სამი სამაუწყებლო კომპანია მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების მფლობელობაშია. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ჰყავს ახალი მენეჯმენტი, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელი, რომლიდანაც ისმის ალტერნატიული კრიტიკული აზრი, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2", რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივი პროცესში.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ამ წერილში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემა გამოვყავით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ სისტემური პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის. ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მმართველი ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენციები, რადგან ის მყიფე, თუმცა ფუნქციონირებადი ინსტიტუტების რღვევას იწვევს და, თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესების სრული პარალიზება გამოიწვიოს, რაც შემდგომ საფრთხეებს შეუქმნის სტაბილურობას და დაბრკოლებებს წარმოშობს საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის საკითხში.

პატივცემულო ბატონო ვიცე-პრეზიდენტო,   

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული დემოკრატიის წარმატება აშშ-ისა და დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებშია. თქვენი მომავალი ვიზიტი ამის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა.

 

ამიტომ, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენი საერთო ფასეულობების წინაშე უსაფრთხოების მხრივ დღისათვის არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, აშშ გააგრძელებს საქართველოს მიმართ აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობასა და გრძელვადიან პოლიტიკას. ჩვენ ჭეშმარიტად მადლიერები ვართ და დიდად ვაფასებთ იმას, რომ აშშ გვიჩვენებს თავის მტკიცე ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიის ვალდებულებებისადმი და კვლავაც ადასტურებს და აგრძელებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას.

 

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში არსებული პრობლემების აღნიშვნისას, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება უზომოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის მომავალი განვითარებისათვის, სასარგებლოა აშშ-ისათვისაც და საერთოდ წინსვლის ერთადერთ გზად გვესახება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოვკვეთოთ:

 

1. საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ვერ მოახერხებდა დაფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს. იმ დროს, როდესაც საქართველო მზარდი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქართველები აფასებენ ამერიკის ადმინისტრაციის თითოეულ მცდელობას, დამკვიდრებულიყო საქართველოში კარგი მმართველობის პრინციპები და ამ მხარდაჭერას უფრო ამბიციური რეფორმების კატალიზატორად აღიქვამენ.

 

2. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ორმხრივი უსაფრთხოების ფარგლებში აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გაწეულმა დახმარებამ ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა, შეექმნა ეფექტური შეიარაღებული ძალები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ძირითად ფუნქციასთან ერთად აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში.

 

3. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინება და დასავლეთის რუსეთთან კონფლიქტის ძირითადი მიზეზია. 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთი განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უარესიც, მოსკოვი განაგრძობს მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ანექსიის ეს პოლიტიკა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ სუბიექტებთან „შეთანხმებათა" წყებას, რომელთა მიზანია ამ სუბიექტების კანონების, პოლიციის, შეიარაღებული ძალების, სოციალური სამსახურებისა და ბიუჯეტების რუსეთის სისტემაში ინტეგრირება. თუ პროცესი დროულად არ შეწყდება, ორივე ოკუპირებული რეგიონი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება. ამ საფრთხის დასაძლევად საქართველომ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი ანექსიის საწინააღმდეგო / დეოკუპაციის სტრატეგია. საკითხის სირთულე მოითხოვს დასავლეთის ძალისხმევის კოორდინირებას აშშ-ის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვაფასებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აშშ-ის ამჟამინდელ ძალისხმევას, რითაც ის ადასტურებს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების კუთხით აღებულ ვალდებულებას იმით, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხებს აშშ-რუსეთის პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად ტოვებს.

 

4. ბოლო 16 წელია, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას ადგას. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს. ალიანსში საქართველოს სამომავლო გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება 2008 წელს ნატოს წევრი ქვეყნებისა და მთავრობათა ხელმძღვანელების მიერ იქნა მიღებული. ასევე აღიარებულია, რომ საქართველომ გამოავლინა მედეგობა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, საიმედოობა და თავისი მოქმედებით მოკავშირედ აღიქმება. ჩვენ მყარად გვწამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება და სასარგებლო იქნება ალიანსისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ნატოში სწრაფვის მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, ის ხელს შეუწყობს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების პროცესს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს.

 

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეფექტური მმართველობისა და მისი ნატოში გაწევრიანების სწრაფვის უწყვეტი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია; ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია და აუცილებელია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიის განვითარების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

საზოგადოება და ბანკები

ხმა საქართველოდან

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

საფარი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge