არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ

დღეს საიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკუთარი მოსაზრებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად საია შეუერთდა არასამთავრობო ორგანზიაციების განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 
2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
 
არსებული რეგულირების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროს კანონის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
 
შემოთავაზებული ცვლილებით, სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება უნარჩუნდება, თუმცა იგი იზღუდება 30 დღიანი ვადით; კერძოდ, თუ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ მან საქმეზე მსჯელობა უნდა დაასრულოს 30 დღის ვადაში. თუ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ/არ მიიღო 30 კალენდარული დღის ვადაში, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს.
 
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანი საკანონმდებლო ვაკუუმის გონივრულ ხანგრძლივობამდე დაყვანაა, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით იქმნება და შესაძლოა ზიანი მიაყენოს მესამე პირების ინტერესებს.
 
ცვლილების მოტივი სრულიად გასაგები და მისაღებია, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მიგვაჩნია, რომ იგი დახვეწას მოითხოვს. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ განხილვის 30 დღიანი ვადა ზედმეტად მცირეა. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას, გააკეთოს კონსტიტუციის ავთენტური განმარტება, ამიტომ საზოგადოების ინტერესია ეს განმარტება სრული, გონივრული და მაღალი ხარისხის იყოს. სასამართლოს არცთუ ისე მდიდარი პრაქტიკისა და რესურსების გათვალისწინებით, უპრიანია აღნიშნული ვადა გაიზარდოს სასამართლოსთან კონსულტაციის შედეგად გონივრულ მოცულობამდე.
 
მეორე შენიშვნა შეეხება ნორმის ბლანკეტურ ხასიათს: შემოთავაზებული ცვლილება ვრცელდება განურჩევლად ყველა შემთხვევაზე, სასამართლომ 30 დღეში უნდა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რეალურად აყენებს თუ არა ნორმის შეჩერება მესამე მხარის ინტერესებს ზიანს. ეს კი სასამართლოს რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას იწვევს, რაც საქმის დაჩქარებული განხილვის პროცედურით არის გამოწვეული. მიგვაჩნია, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გააჩნდეს, თუ დაინახავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერებით ზიანი ადგება მესამე პირის ინტერესებს.
 
ამგვარად, გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, განხილვის ვადას გაზრდასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთან კანონპროექტის კენჭისყრამდე გაიაროს, ხოლო ბლანკეტური ნორმა შეცვალოს სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით.
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-G)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge