ვეხმიანებით ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვაიბერ მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკა”-ს გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმოწერა ავთენტურია, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. ასევე, მიმოწერიდან ირკვევა, რომ გადაცემის ორგანიზებაში ჩართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც ამ მიზნით კომუნიკაცია აქვს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, აწვდის მას კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომელთა გადაცემაში მიწვევაც არის მიზანშეწონილი.
მიმოწერიდან ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული წევრებისთვის განსაკუთრებულად რთულია კრიტიკული კითხვა დაუსვან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რაც გადაცემის ავტორისთვის მათი მოწვევის წინაპირობას წარმოადგენდა. ასევე, საინტერესოა იმედის გენერალური დირექტორის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემაში არ უნდა იქნეს მიწვეული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ზაზა ხატიაშვილი.
როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი პირადად იყო ჩართული გადაცემის სტუმრების შერჩევაში, რაშიც მას იმედის გენერალური დირექტორის მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ სასურველი სტუმრების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე, არამედ მიწვეული სტუმრების მიერ დასასმელი შეკითხვების წინასწარ შეთანხმებასა და დაგეგმვაზე. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და გადაცემაში მონაწილე მოსამართლეები შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოადგენების შექმნას. გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ. გადაცემიდან აშკარად იკვეთებოდა ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა მთავარი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხარდაჭერა წარმოადგენდა. გადაცემის დაგეგმვის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა აღნიშნული ფორმით ჩართულობა მიუღებელია. ვინაიდან, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ საბოლოო ჯამში გადაცემაში მათი მონაწილეობა არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად. გადაცემის მსვლელობისას ლევან მურუსიძის მხარდამჭერი მოსამართლეები მის ოპონენტებად იქნენ წარდგენილი, სამწუხაროდ არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და არც გადაცემაში მონაწილე სხვა მოსამართლეებს არ განუმარტავთ საზოგადოებისთვის (არც გადაცემის მსვლელობისას და არც მისი დასრულების შემდგომ) მათი რეალური დამოკიდებულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები საზოგადოების ნდობის მოპოვებასა და საქართველოს მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამგვარი მეთოდებით არ უნდა აწარმოებდნენ. ამგვარი მოქმედებით ისინი მოხლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას ეწევიან. სახელმწიფო ინსტიტუტი საზოგადოების ნდობას მხოლოდ მისი ეფექტური საქმიანობის შედეგად მოიპოვებს. ნდობის მოპოვება ვერ მოხერხდება პოლიტიკურიი გადაცემების დაგეგმვისა და საზოგადოებისთვის ცალმხრივი ინფორმირების გზით, ამგვარი მეთოდები მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედეგებს გამოიღებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისმა წევრებმა საჯარო განმარტებები უნდა გააკეთონ. საზოგადოებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს თუ რატომ დასთანხმდნენ გადაცემაში ლევან მურუსიძის ოპონენტების სახით მონაწილეობას ის მოსამართლეები, რომელთაც არაერთხელ, ღიად და საჯაროდ დაუდასტურებიათ მურუსიძის მიმართ მხარდაჭერა, აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ამასთან მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია სხდომაზე განიხილოს აღნიშნული საკითხი და დაინტერესდეს რამდენად ჰქონდა ადგილი გადაცემაში მონაწილე მოსამართლეების მხრიდან არაეთიკურ და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქცევას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge