არასამთავრობოები ეხმიანებიან ივანიშვილის გეგმებს წყალტუბოსთან დაკავშირებით

ვეხმიანებით ქალაქ წყალტუბოში არსებული შენობებისა და სივრცეების ფართომასშტაბიანი გასხვისების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზება.

2019 წლის 30 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის გეგმავს კურორტ წყალტუბოში, „უკლებლივ ყველა (22) სასტუმროსა და  ცხრა აბანოს“ გამოსყიდვას და მის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შესაბამისად კურორტის რეაბილიტაციას.

პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ საჯარო სივრცის, ქალაქისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მხოლოდ იქ არსებული ქონებისა და საჯარო რესურსების პრივატიზებაში ხედავს განვითარების გზას. ამგვარი მიდგომა ქმნის სახელმწიფოს არაქმედითობის განცდას, აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციების მნიშვნელობას და ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი გაყიდვის შემთხვევებს.

 

სწორედ ამგვარმა მიდგომამ მისცა შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, წყალტუბოს საჯარო მნიშვნელობის მქონე სარეკრეაციო და ბალნეოლოგიური რესურსებისა და კულტურული მნიშვნელობის შენობების შეძენის აუცილებლობა, სახელმწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში წყალტუბოს განვითარების სტრატეგიული გეგმის ჩამოუყალიბებლობით დაასაბუთოს,   სახელმწიფო უწყებების ფუნქცია შეითავსოს და საკუთარი შეხედულებით დაგეგმოს სახელმწიფო რესურსების განვითარება.

 

განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ არ ხდება წყალტუბოში არსებული სახელმწიფო თუ მუნიციპალური ქონების გასხვისების პროცესში საჯარო ინტერესის გათვალისწინება. კერძოდ, არ არის გამოკვლეული, თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული პროექტი ქალაქს, რეგიონს თუ სახლმწიფოს; გაგრძელდება თუ არა და თუ გაგრძელდა - საზოგადოების რა ნაწილისთვის, წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე, სარეკრეაციო სივრცეებსა და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებზე წვდომა და ზოგადად, არის თუ არა ამ მასშტაბის ქონების პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირისთვის გადაცემა წყალტუბოს განვითარების უალტერნატივო გზა.

 

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი წყალტუბოს განვითარების ბიზნეს-გეგმა, რომელიც ამ ტერიტორიაზე სასტუმროების, საბავშვო პარკებისა და აუზების მშენებლობის კონცეფციის პროექტია.

 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირის ხელში სახელმწიფო ქონების ამ მასშტაბით კონცენტრირების შესაძლო შედეგების კრიტიკული გააზრების და საჯარო განხილვის გარეშე, ივანიშვილის აღნიშნული ინიციატივა, გაცხადებიდან რამდენიმე საათში, ერთხმად მოიწონეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე რამდენიმე ქონების საკმაოდ მაღალ ფასად გასხვისებას გეგმავდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ერთ ლარად გადაცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა (განცხადება),

 

წყალტუბოში საჯარო ქონების შესყიდვა არ არის სახელმწიფო ქონების დაუსაბუთებელი პრივატიზებისა და ივანიშვილის ხელში მნიშვნელოვანი საჯარო რესურსების კონცენტრირების ერთადერთი მაგალითი; სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებისა და მათი გაჯანსაღების ნაცვლად, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, კერძო ინიციატივების ფარგლებში ითავსებს სახელმწიფოს ფუნქციებს და საჯარო ინტერესების საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის არაერთი ქონების ბედს განსაზღვრავს. სახელმწიფო ქონების ბედის განკარგვის ანალოგიური მაგალითია აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის მხრიდან, ასევე, სახელმწიფოს სისუსტითა და კონცეპტუალური ხედვის ნაკლებობით დასაბუთდა. გარემოსდამცველთა შეფასებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება, განხორციელების შემთხვევაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველურ ბუნებას გაანადგურებს.

 

უნდა ითქვას, რომ წყალტუბოს, აბასთუმნის და სხვა ეროვნული მნიშვნელობის საჯარო რესურსების ივანიშვილისთვის გადაცემის გახშირებული შემთხვევები ძალუფლების ბოროტად გამოყენებისა და აღნიშნულ რესურსებზე მონოპოლიზების მცდელობის საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

 

- მთავრობამ შეიმუშაოს წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დაეფუძნება მეცნიერულ კვლევასა და დემოკრატიული ჩართულობის პრინციპს და თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების ზოგად პოლიტიკასთან;

- სტრატეგიული განვითარების გეგმას ჩაუტარდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით; გეგმის შედგენისა და შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნას წყალტუბოში არსებული სასტუმროების ამჟამინდელ მესაკუთრეთა ინტერესები.

- მხოლოდ ამგვარი გეგმის ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის დამტკიცების შემთხვევაში შეფასდეს წყალტუბოს კონკრეტული სივრცეებისა და რესურსების პრივატიზების შესაძლებლობა; შეფასების პროცესში კი გათვალისწინებული იქნას ამ სივრცეებისა და რესურსების სარეკრეაციო და სამკურნალო ფუნქციის შენარჩუნების, საზოგადოებისთვის მათზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფისა და გონივრული პერიოდის შემდეგ მათი სახელმწიფოსთვის დაბრუნების აუცილებლობა;

- მიენიჭოს წყალტუბოში არსებულ ისტორიული შენობებს კულტურული ძეგლის სტატუსი;

- ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, შეჩერდეს წყალტუბოში არსებული საჯარო რესურსების გასხვისების დაანონსებული პროცესი.

 

 

 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო

მწვანე ალტერნატივა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge