კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება, ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებულ გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც, „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“.
7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება, კერძოდ, კონსულტაციების გამართვა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემდგომში, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმთავრესი ფუნქცია კანონის შესრულებისა და მთავრობის კონტროლია, მთავრობის ინიციატივის განხილვისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების დაცულობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს, პირველ რიგში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge