არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას - ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი გადაწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით

საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საქართველოს 7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები.
 
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ხელისუფლებას წარვუდგინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას.
 
ამავე დროს, მიუხედავად დროის სიმცირისა, ფაქტობრივად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, შეზღუდული ადამიანური, დროისა და სხვა რესურსების სიმწირის პირობებში, გავმართეთ კონსულტაციები მოსახლეობასთან, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ჩვენ მიერ შეთავაზებული ხედვების წარდგენისა და საზოგადოებისაგან შენიშვებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით.
 
კონსულტაციები გაიმართა, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჯვარში, თელავში, ამბროლაურში  მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მოდელს, უფრო მეტიც, შემოგვთავაზა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები ამ მოდელის წარმატებით განხორციელებისათვის. 
 
ასევე აღვნიშნავთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეკომენდაციას აძლევს სამთავრობო კომისიას  თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებისგან შეიქმნას ხუთი თვითმმართველი თემი. რაც გვიჩვენებს რომ ამ ხედვას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც ყავს მხარდამჭერები.
ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა. საკითხის გადაწყვეტა და შესაბამისად, რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, დროულად გადაწყვიტოს და სამომავლოდ არ გადადოს ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი.
 
მოვუწოდებთ საქრთველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო პროგრამით, 2013 წლის 1 მარტის თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიითა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებებით დეკლარირებული დაპირებები, განიხილოს ჩვენ მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე შეთავაზებული წინადადებები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოსახლეობასთან მაქსიმალური დაახლოების მიმართულებით.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
ასოციაცია „კივიტას გეორგიკა"
რეგიონის განვითარების ცენტრი
ეფექტიანი მმართველობითი სისტემების და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი
სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG)
გორის საინფორმაციო ცენტრი
ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა"
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge