არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო, ახალი თაობაახალი ინიციატივა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2010 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. აღნიშნული პროცესი იყო გამჭვირვალე, რადგანაც მას  დაუბრკოლებლად ესწრებოდა რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც თავის მხრივ საზოგადოებას მოლაპარაკების პროცესის მინდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდნენ. 

როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 ივნისს ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებეს ეხება. მოგვიანებით აღნიშნულ შეთანხმებას კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია შეუერთდა.

2011 წლის 8 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის პირველი შეხვედრა. ჯგუფი განიხილავს თემებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე ასახვას ჰპოვებს კანონმდებლობაში. ცნობილია, რომ სარედაქციო ჯგუფი მეორედ ორი კვირის  შემდეგ შეიკრიბება. სარედაქციო ჯგუფის შეხვედრას არ დასწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  საზოგადოებისათვის ასევე უცნობია აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი.

აღნიშნული პროცესის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთან, პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია მისი გამჭვირვალედ წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და გაზრდის საზოგადეობის ნდობის ხარისხს ამ პროცესის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ სარედაქციო ჯგუფში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი შეუწყოთ პროცესის გამჭვირვალობას, მასში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებებში ამომრჩეველთა ინტერესების ასახვას.

ჩვენ მზად ვართ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლოთ პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge