არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკანასკნელ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის  ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ  სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ზეწოლა განხორციელდა საკრებულოების წევრებისა თუ გამგეობის თანამშრომლების მიმართ. მათ შორის, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა მარნეულის, სამტრედიისა და ფოთის მუნიციპალიტეტების ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ, ხოლო  12-13 ნოემბერს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულმა ზეწოლის ფორმებმა აშკარად კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

მივიჩნევთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობაა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით და კანონის შესაბამისად აწესრიგებენ და მართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა და ზეწოლა, რომელიც აფერხებს ან ხელს უშლის მათ ნორმალურ ფუნქციონირებას - შემაშფოთებელია.

 

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ადგილობრივი თვითმმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისაგან, ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და ვთხოვთ,  შეისწავლონ გახშირებული ზეწოლის ფაქტები და სამართალდამრღვევი პირების მიმართ გაატარონ შესაბამისი სანქციები.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge