არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თბილისის მერიაში დასაქმებული პირების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენ კვლავ მოგვმართეს მერიაში დასაქმებულმა პირებმა. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, მსგავს უკანონო ქმედებებში სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე მათთვის უცნობი პირი (მათივე ვარაუდით პოლიციის თანამშრომელი), მონაწილეობდა.
 
აღნიშნული პირები მიუთითებენ შემდეგს:
 
გიორგი ხაბურზანიას განმარტებით, მას განცხადების დაწერას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგა ნიჟარაძე და მისი მოადგილე, დავით მედუაშვილი, აიძულებდა, მიზეზად კი მის პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებდნენ. გიორგი ხაბურზანიამ საიას იურისტებს გააცნო აუდიო ჩანაწერი. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავადასტუროთ ჩანაწერის ავთენტურობა, თუმცა მისი შინაარსი ამყარებს გ.ხაბურზანიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული უკანონო მოქმედებების ვარაუდს.
 
გიგა მაქაცარია აცხადებს, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა პირველმა მოადგილემ დაიბარეს და მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ დაწერდა განცადებას, მოიკითხავდენენ მის საქმეებს წინა სამსახურში (გიგა მაქაცარია მანამდე მუშაობდა პოლიციაში), ,,გაუფუჭებდნენ პირად საქმეს“ და ისე გაათავისუფლებდნენ. გიგა მაქაცარია განმარტავს, რომ ამ საუბარს ესწრებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, მისი ვარაუდითნ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც უდასტურებდა  სამსახურის უფროსს და პირველ მოადგილეს, რომ ის მოიკითხავდა გ.მაქაცარიას საქმეებს და ,,გააფუჭებდნენ“.
 
კახაბერ ბუსკივაძე, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს, აცხადებს, რომ 2014 წლის აგვისტოს ბოლოს სამსახურის უფროსმა ,,განუმარტა“, რომ ,,გუნდი მიდის, გუნდი მოდის“ და ვინც წამყვან პოზიციებზე მუშაობდა, ყველას მოუწევდა სამსახურის დატოვება. კ.ბუსკივაძის ინფორმაციით, უფროსმა ასევე განუცხადა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა მის სამსახურში დატოვებას ერთი საფეხურით დაბალ პოზიციაზე, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული და ზემოდან ელოდებოდა დავალებებს. კ. ბუსკივაძე მიუთითებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული იყო დათანხმებოდა დაქვეითებას და მთავარ სპეციალისტად გადაყვანას.
 
ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წლის 18 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში იგი ასევე პირადი განცხადების საფუძველზე ორჯერ იქნა დაქვეითებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევებში დაქვეითება პირადი განცხადებების საფუძველზე განხორციელდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები აღნიშნულ პირებს საკუთარი ინიციატივით მიეღოთ და ხელმძღვანელი თანამდებობებიდან რიგით პოზიციაზე გადასვლა საკუთარი გადაწყვეტილებით მოეთხოვათ.
 
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოითქვა საფუძვლიანი ვარაუდი, რიგ შემთხვევებში, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეთა გათავისუფლების აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე განხორციელების პრაქტიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირებისაკენ მოვუწოდეთ. მიუხედავად არაერთი ფაქტისა, დღემდე არ არის ცნობილი თუ რა რეაგირებას ახდენენ სამართალდამცავი ორგანოები მსგავს ინფორმაციაზე.
 
ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე" დანაშაულს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინოს სათანადო რეაგირება. ასევე მივმართავთ ქ. თბილისის მერს, უზრუნველყოს მერიაში დაგეგმილი ატესტაციისა და კონკურსის ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვა.
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge