არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ ა.წ. 22 აპრილს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საღამოს საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს, ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ.


ჩვენი ყურადღება მიიპყრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის უკიდურესად არაკორექტულმა განცხადებამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამენ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხსენებულ სიუჟეტში ბატონმა კალაძემ ბრძანა: „ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ მიერ რაღაც შეჩერებული პროექტების გამო აღებულ დაფინანსებას, რომელსაც ისინი იღებენ უცხოეთიდან.“.


პოლიტიკის ფორმულირებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის როლის შესახებ ამგვარი მცდარი წარმოდგენა შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ისეთი მაღალი თანამდებობის პირისგან, როგორიც ბატონი კალაძეა, რომელსაც საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის პოსტიც უკავია. ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის (ან მისი ერთი ნაწილის) მოსაზრებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს და ეს დემოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. ამდენად, კატეგორიულად მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკული შენიშვნების საპასუხოდ ამგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებისა და სხვადასხვა შეთქმულების თეორიის მოშველიება. დასანანია, თუ საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას ასეთი რიტორიკით აპირებს.


არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნების დაკავშირება გაურკვეველ ფინანსურ ინტერესებთან მით უფრო უცნაურია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხრიდან, რომლის ხელმძღვანელ პირებს ბოლო დრომდე თავად ჰქონდათ კერძო კომერციული ინტერესები ენერგეტიკის სექტორში. საზოგადოებას დღემდე არ მიუღია ცალსახა პასუხი, დათმეს თუ არა მათ რეალურად ეს ინტერესები.

მწვანე ალტერნატივა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
სვანეთის ტურიზმის ცენტრი
გურამ თიკანაძის სახ. სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი
გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭე”
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
სტეფანწმიდა
პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
კოალიცია „საზოგადოებრივი დამცველი“
 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge