ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებით აქტიურად განიხილება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაცემის არსებული სისტემის შეცვლის საკითხი. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად) ვართ იმ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელებს განიხილავს.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ დევნილის შემწეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შემწეობის გადახდით დაეხმარება იმ დევნილებს, რომელთაც ამის მეტი საჭიროება აქვთ, ხოლო დევნილის სტატუსი შეუნარჩუნდება ყველა დევნილს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამ დროისათვის არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია, კონკრეტულად როგორი უნდა იყოს დახმარების სისტემა.
პოზიტიურად ვაფასებთ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყების ფაქტს და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მსჯელობა დევნილთა ფართო ჩართულობით უნდა განაგრძოს.
დევნილის ყოველთვიური შემწეობის გაცემის დღეს არსებული მოდელი მრავალმხრივ პრობლემურია და ვერ უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების სათანადო დახმარებას. ამიტომ, ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ აუცილებელია დევნილის შემწეობის გაცემის არსებული სისტემის რეფორმა და მისი მორგება დევნილის საჭიროებებზე. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ დევნილთა მდგომარეობის სათანადო შესწავლის გარეშე, პროცესის დაჩქარებულად წარმართვა დააზარალებს რეფორმის იდეას და გააჩენს რისკებს, რომ დევნილების დახმარება საჭიროებების შესაბამისად მაინც ვერ მოხდეს.
არსებული რისკების აღმოსაფხვრელად მიგვაჩნია, რომ:
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით უნდა განაგრძოს ამ საკითხზე მსჯელობა, რათა შემუშავდეს ის პრინციპები და მოდელი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლას;
- შესაბამისი მოდელის შემუშავებისას, სახელმწიფომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივაციით არ უნდა იხელმძღვანელოს. მისი მიზანი უნდა იყოს, დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად ზუსტად გამოვლენა და შესაბამისი დახმარების სისტემის შექმნა;
- შემუშავებული მოდელი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, ფასდებოდეს არა კონკრეტული დევნილის შემოსავლები, არამედ დევნილი ოჯახის ერთიანი საჭიროებები;
- არ უნდა მოხდეს დევნილი მოსახლეობის თაობების მიხედვით ხელოვნურად დაყოფა, და ყველა დევნილს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა ეძლეოდეს დახმარება, იმის მიუხედავად, დევნილი მოსახლეობის რომელ თაობას მიეკუთვნება;
- დევნილის შემწეობის მოხსნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, რომ დევნილი ოჯახი აღარ საჭიროებს დახმარებას.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ყველა იმ ფორმატის გამოყენება, რომელიც საკითხზე მსჯელობას დაეთმობა, რათა ხელი შევუწყოთ საჭიროებაზე მორგებული დახმარების სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“
კავკასიური დიალოგი
კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო
თანხმობა
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge